ერთი ადამიანი - ერთი კოვზი, ნუ დავდგებით საღი აზრის მიღმა - მარგველაშვილი

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წერს, რომ მცირერიცხოვანი ერის გადარჩენის საიდუმლო კრიზისთან ადაპტაციის უნარშია.

მისი თქმით, კორონავირუსის კრიზისი მარტივ წესებს ადგენს:

„ – თავშეყრა – არა;

– ერთი ადამიანი – ერთი კოვზი;

– სოციალური დისტანცირება;

– ზრუნვა გაჭირვებულებზე ეს მეცნიერების და საღი აზრის ხმაა;

ნუ დავდგებით საღი აზრის მიღმა!“ – წერს გიორგი მარგველაშვილი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოში ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ეკლესიები არ დაიხურება. გუშინ  მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, დღეს 12 საათიდან ქალაქში შეიზღუდა ავტომობილით მოძრაობა. შეზღუდვა 21 აპრილამდე იმოქმედებს.

ამ გადაწყვეტილების შესახებ საპატრიარქომ უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ ეს საკითხი ეკლესიასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

„აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.

სამწუხაროდ,  მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ“, – ამბობენ საპატრიარქოში.