შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი ამბობს, რომ ერთი ადამიანი, რომელიც შოვის სტიქიის დროს დაკარგულად მიიჩნეოდა, ცოცხალია.
„ერთი ძალიან იმედის მომცემი და კარგი ინფორმაცია შემიძლია გითხრათ, რომ იყო ასეთი ინფორმაცია დაფიქსირებული ცხელ ხაზზე და 112-ში – ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც იყო დაკარგულების სიაში, ოპერატიულ-საგამოძიებო შედეგებით დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება დღეს არის ცოცხალი, ჯანმრთელი და ამ დროისთვის სტიქიის ზონაში არ იმყოფება“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან.
მღებრიშვილის თქმით, ჯერჯერობით არ შეუძლიათ დადასტურებულად თქვან, სად იმყოფებოდა გასული დღეების განმავლობაში ბიბილეიშვილი, თუმცა დასძენს, რომ მას პოლიციამ მიაგნო.
„ეს დეტალები ზუსტად არ შემიძლია ახლა გითხრათ, თუმცა იყო ადამიანი დაკარგულების სიაში და შეგვიძლია ამოვრიცხოთ სიიდან… ჯერჯერობით მაგ მიმართულებით [თუ სად იმყოფებოდა] კიდევ კითხვები არსებობს, ერთადერთი დადასტურებულად რაც შემიძლიათ გითხრათ, რომ ეს ადამიანი ცოცხალია და ჯანმრთელად არის“, – თქვა მღებრიშვილმა.
რაჭაში, შოვთან 3 აგვისტოს ჩამოწოლილმა მეწყერმა და ღვარცოფმა კურორტზე მყოფი ადამიანების ნაწილი იმსხვერპლა.
მეხანძრე-მაშველები ონის მუნიციპალიტეტში მეექვსე დღეა მუშაობენ.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მაშველებთან ერთად მუშაობენ პოლიციის დანაყოფები, კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვს და ინფრასტრუქტურის სამინისტროების თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა.
მაშველებმა 8 აგვისტოს მონაცემებით 19 ცხედარი იპოვეს. ოფიციალური ცნობებით, ჯერ კიდევ ეძებენ 13 დაკარგულს.