ერთი კოვზით ზიარება, ტრადიციული ლიტურგია ნამდვილად შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს - ცერცვაძე

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საეკლესიო რიტუალების ტრადიციული ფორმით ჩატარება, მათ შორის ერთი კოვზით ზიარება, ინფექციის საფრთხეს შეიცავს და აქვს მოლოდინი, რომ დიდ დღესასწაულებზე ვირუსი უფრო გავრცელდება.

„მე მივიჩნევ ცალსახად, რომ ძველი ფორმატით ჩატარებული ეს რიტუალური ღონისძიებები, იქნება ეს ზიარება ერთი კოვზის გამოყენებით თუ ლიტურგია, როგორც ტარდებოდა გასულ წლებში აღდგომის დროს, ნამდვილად შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს.

რის გამოც ვფიქრობ, რომ ნაბიჯები ჩვენმა ეკლესიამ უკვე გადადგა, რაც გამოიხატა სოციალური დისტანციის დაცვაში და ზოგიერთ სხვა საკითხში, მაგრამ ჩვეულებრივ დღეებში. მე მაინც ვფიქრობ და თუმცა ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი, ვფიქრობ, რომ გავრცელება მოხდება აი ამ დიდ დღესასწაულებზე“, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საეკლესიო რიტუალების თემა სენსიტიურია, როგორც მოსახლეობის უმრავლესობის, ისე პირადად მისთვისაც, დღევანდელ სიტუაციაში ეკლესიისადმი პატივისცემამ პროფესიული აზრის გამოთქმას ხელი არ უნდა შეუშალოს.