განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ ხვალიდან სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ზოგადი განათლების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს, რომლის ფარგლებშიც იმ პედაგოგებსაც შეხვდებიან, რომლებსაც თავიანთი მოსაზრებები აქვთ მასწავლებლებისთვის სავალდებულო აქტივობების შესახებ. ასე უპასუხა ამილახვარმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას – აპირებს თუ არა შეხვდეს იმ პედაგოგებს, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ პორტფოლიოს მომზადების ვადებთან დაკავშირებით.
10 აპრილს პედაგოგებისთვის ცნობილი გახდა, რომ წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველებს პორტფოლიოს ელექტრონულ სისტემაში ასახვისთვის ვადა თვის ბოლომდე აქვთ. პედაგოგთა ნაწილი პორტფოლიოს ელექტრონულად ატვირთვისთვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ვადებს აპროტესტებს.
პედაგოგების აზრით, სამინისტროს მიერ შეთავაზებული ვადები დოკუმენტების მომზადებისთვის და ელექტრონულ სისტემაში ატვირთვისთვის საკმარისი არ არის და არაგონივრულია.
„ხვალ უკვე იქმნება სამუშაო ჯგუფი სამინისტროში, რომელიც სხვადასხვა სასკოლო და ზოგადი განათლების საკითხთან მიმართებით, მათ შორის, განსაკუთრებით მასწავლებლის კარიერულ სქემასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებს უახლოეს მომავალში. მაქსიმუმ ალბათ ერთი კვირის ვადაში გვექნება ასევე ამ მასწავლებლების ნაწილთან შეხვედრა, ვისაც თავიანთი მოსაზრებები გააჩნიათ სხვადასხვა აქტივობასთან დაკავშირებით და პირველ რიგში მათთან შეჯერებითა და მსჯელობით მივიღებთ იმ სწორ გადაწყვეტილებას რომელიც შედეგს მოუტანს, რაც მთავარია, ჩვენს შვილებს და აამაღლებს განათლების დონეს სკოლებში“, – განაცხადა მინისტრმა.
პედაგოგებმა მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით სამინისტროს წერილობით უკვე მიმართეს. მათ მინისტრთან საუბარი არამხოლოდ პორტფოლიოსთან დაკავშირებით სურთ, საუბრის თემა ის პრობლემები იქნება, რომლებიც, მათი შეფასებით, ხელს უშლის პედაგოგებს პროფესიულ საქმიანობაში.
„ჩვენი მიზანია, რომ მასწავლებელს ჰქონდეს შესაძლებლობა განვითარების, საკუთარი პრაქტიკის გაანალიზების, მოსწავლეებთან ჯანსაღი ურთიერთობის – ეს ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რადგან არსებული ბიუროკრატია და უამრავი დოკუმენტის წარმოება გვართმევს მოსწავლეებთან სიღრმისეული მუშაობის სიამოვნებას, ჩვენ არ გვინდა „სტატუსები სტატუსებისთვის“, – წერენ პედაგოგები სამინისტროში გაგზავნილ წერილში.