ერთი პირი დავაკავეთ შემოსავლების სამსახურთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემოსავლების სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ერთი პირი დააკავა. შსს-ში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობ.

ამავე ფაქტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ინციდენტის დროს დაზარალებული პირი შემოსავლების სამსახურის მოქმედი თანამშრომელია, ხოლო პირი, რომელმაც მას ფიზიკურად გაუსწორდა – უწყების ყოფილი თანამშრომელი.

„მას პირადი განცახადების საფუძველზე, დატოვებული ჰქონდა შემოსავლების სამსახური. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი პირადი უთანხმოება გახდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გმობს მომხდარ ფაქტს. უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენა“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

უწყება მოუწოდებს მედიასაშუალებებს, არ დაუშვან პირადი ინფორმაციის შემცველი კადრების გასაჯაროება და თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.