„ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი" — რას ითვალისწინებს „ოცნების" უმაღლესი განათლების რეფორმა 

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია წარადგინა, მოგვიანებით კი მის შესახებ სამთავრობო-პროპაგანდისტული „იმედის” ეთერშიც ილაპარაკა.

კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს განათლების სისტემის წინაშე 7 ძირითადი გამოწვევა დგას:

  1. უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია.
  2. რესურსების ირაციონალური გამოყენება და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის უთანაბრობა.
  3. უსისტემო საკადრო პოლიტიკა.
  4. სუსტი კავშირი სწავლებასა და კვლევას შორის, თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების ნაკლებობა.
  5. სუსტი კავშირი უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის.
  6. გაუმართავი დაფინანსების სისტემა.
  7. სახელმწიფო უნივერსიტეტების გაუმართავი ინფრასტრუქტურა.

პრობლემების გადაწყვეტის ერთ-ერთ გზად კობახიძემ შემოგვთაზავაერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი”. 

კონცეფციაში ნათქვამია:

„თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედი ფაკულტეტები უნდა გადანაწილდეს კონკრეტულ უნივერსიტეტებზე, არსებითად, მათი ტრადიციული პროფილისა და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით.

სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უცხოელი სტუდენტები უნდა მიიღონ მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში”.

ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ პრეზენტაცია გამართა. მისი ერთ-ერთი ინიციატივაა, რომ ერთსა და იმავე ქალაქში სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების დუბლირება არ მოხდეს.

„რაც შეეხება რესურსების ოპტიმიზაციას და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის გათანაბრებას. აქ პირველ რიგში გამოწვევიდან გამომდინარე გვინდა, დავამკვიდროთ ერთი ძალიან მკაფიო პრინციპი: ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი.

სახელმწიფო უნივერსიტეტებში, თბილისი რომ ავიღოთ პირველ რიგში, თბილისში ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, შესაბამისად, ეს გამოიწვევს რეორგანიზაციას, ბუნებრივია, და ფაკულტეტების გადანაწილებას უნივერსიტეტებს შორის. ეს გადანაწილება უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტების ტრადიციული ფუნქციისა და მათი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით.

სტუდენტებისთვის იქნება უზრუნველყოფილი გარდამავალი პერიოდი, ვინც სწავლობს მას ექნება საშუალება დაამთავროს ის შესაბამისი უნივერსიტეტი, შესაბამისი სპეციალობით“. – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, „ქართული ოცნება” აპირებს, „საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა დაინერგოს 3+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი – მაგისტრატურას“. 

„იმედის” ეთერში კობახიძემ ილაპარაკა უნივერსიტეტების შენობების გაყიდვაზე.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია თბილისის ცენტრში კონკრეტული შენობების რეალიზაციის ხარჯზე ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს არ შეეხება იმ შენობებს, რომლებიც არის ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის და კულტურის იდენტობის ნაწილი. ეს არის თსუ-ს პირველი კორპუსი, მეორე კორპუსი, თეატრალური, კონსერვატორია, სამხატვრო. სამედიცინო უნივერსიტეტი, როგორ უნდა გაყიდო. ასეთ შენობებს, რა თქმა უნდა, არ შევეხებით, მაგრამ არის უამრავი კორპუსი, რომლებსაც არ აქვთ არანაირი ღირებულება არც იდენტობის, არც კულტურული კუთხით, არც მემკვიდრეობის კუთხით, მაგრამ შეიძლება, საინტერესო იყოს ეკონომიკური აქტივობისთვის, მათი რეალიზაციის ხარჯზე შეგვიძლია შევქმნათ სუპერ თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სადაც სტუდენტს გაუხარდება მისვლა”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან ერთად, ირაკლი კობახიძემ ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლების სიჭარბეზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, ისინი „უმეტესად სხვა საქმეებით არიან დაკავებული და შეთავსებით მუშაობენ უნივერსიტეტებში. სხვა სისტემაზე უნდა გადავიდეთ და ძირითად ბირთვს უნდა შეადგენდნენ სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორ-მასწავლებლები“.

„ძალიან ხშირია პრაქტიკა, როდესაც უნივერსიტეტებში უმეტესად მუშაობენ არასრულ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლები, რაც ბუნებრივია სწავლებისა და კვლევის ხარისხზე პირდაპირ აისახება და ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა“. – განაცხადა კობახიძემ.

ამავე დროს, „ქართული ოცნება” აპირებს, სკოლაში 12-წლიანი სწავლება 11-წლიანი გახადოს.

სამთავრობო „იმედის“ ეთერში ირაკლი კობახიძეს წამყვანმა მაგდა ანიკაშვილმა ჰკითხა, ხომ არ შეექმნებათ ახალგაზრდებს პრობლემა ევროპულ უნივერსიტეტებში, რომლებიც ბოლონიის პროცესის გათვალისწინებით, 12 კლასის ატესტატს ითხოვენ. კობახიძემ უპასუხა, რომ „ვისაც სურს, შეუძლია, საზღვარგარეთ დახუროს მე-12 კლასი”.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ 11 წელიწადში თავისუფლად არის შესაძლებელი სასწავლო პროგრამის სრულად ათვისება. რაც შეეხება ამ ერთგვარ მობილობას, მიგრაციაზეა სინამდვილეში საუბარი. ვიღაც კონკრეტული ადამიანების პოსტები შემხვდა, წუხან იმაზე, რომ მიგრაციას შეექმნება გარკვეული ბარიერები. რომ განვაზოგადოთ, ჩვენ გვინდა, რომ ქართველი ახალგაზრდები დარჩნენ საქართველოში და აქ მიიღონ მაღალი დონის განათლება.

რატომ უნდა უნდოდეს ადამიანს, რომ ქართველები წავიდნენ მრავლად ქვეყნიდან? მით უმეტეს, რომ ბუნებრივი მოვლენაა, როდესაც ახალგაზრდები მიდიან საზღვარგარეთ სასწავლებლად, მით უმეტეს პირველი კურსიდან, მათი დიდი ნაწილი რჩება საცხოვრებლად საზღვარგარეთ. რატომ უნდა წავახალისოთ ხელოვნურად მიგრაცია?

თუმცა, ჩვენ არავითარ ბარიერს არ ვქმნით, მანდაც შეიძლება თავისუფლად გამოსავლის მოძიება, თუ ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა, შეიძლება, ქვეყანაშიც კი შევქმნათ ამის შესაძლებლობა და ეს განხილვას ექვემდებარება, თუ არა და ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა, რომ სხვაგან, საზღვარგარეთ დახუროს მე-12 კლასი და შემდეგ განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა უმაღლესი განათლების დონეზე“. – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

ასევე, კონცეფციის თანახმად: 

შრომის ბაზრის ანალიზი – კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე, უნდა განხორციელდეს შრომის ბაზრის სიღრმისეული ანალიზი, რომელსაც დაეფუძნება სახელმწიფო დაკვეთა უნივერსიტეტებზე კვოტების რაოდენობრივი განაწილებისას;

დაფინანსების სისტემა – სრულად უნდა გადაისინჯოს უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემა. უნდა გაუქმდეს დაფინანსების არსებული, საგრანტო წესი და ის სახელმწიფო დაკვეთაზე დაფუძნებულმა მოდელმა უნდა ჩაანაცვლოს. აღნიშნული მოდელის ფარგლებში, განისაზღვრება სახელმწიფო დაკვეთა თითოეული უნივერსიტეტისთვის სახელმწიფო ამოცანებიდან გამომდინარე. ამასთან, სახსრების განაწილებისას, სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული თითოეულ სპეციალობაზე სტუდენტისთვის განათლების მიწოდების საშუალო ხარჯი;

ინფრასტრუქტურა – უნდა შეიქმნას სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა როგორც თბილისში, ისე ქუთაისში სრულფასოვანი საუნივერსიტეტო კერების ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნული ინფრასტრუქტურა უნდა მოიცავდეს საგანმნათლებლო და კვლევით სივრცეებს, სტუდენტების კულტურული, სპორტული და სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად განკუთვნილ ობიექტებს, ასევე ხარისხიან და ხელმისაწვდომ საერთო საცხოვრებლებს. ასევე, უნდა განხორციელდეს რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება.