ერთი შეხედვით კეთილშობილური მიზნებით ხელისუფლება კრიტიკული აზრის მოთოკვას ცდილობს – GDI

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) საქართველოში გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში მიმოხილულია გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ინიციატივები და სასამართლო პროცესები, შეკრება-მანიფესტაციისა და მედიის თავისუფლების ხელის შეშლის, ასევე, გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდავად ძალადობრივი ჯგუფების გამოყენების შემთხვევები.

GDI-ის მიხედვით, შემაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ან უმრავლესობის აზრის გამტარებელმა ჯგუფებმა, მაგალითად, საპატრიარქომ, 2019 წელს, გასული წლების მსგავსად, გამოხატვის თავისუფლების პოტენციურად შემზღუდავი კანონმდებლობის ინიციატივა ისევ გამოთქვეს, მათ შორის – ცილისწამების აკრძალვისა და რელიგური გრძნობების შეურაცხყოფის მოტივით.

„მისასალმებელია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში შეურაცხყოფის, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ცილისწამების საკანონმდებლო რეგულირების გამკაცრებისა თუ დასჯადობის ინიციატივები, მხოლოდ ინიციატივებად დარჩა, თუმცა დღემდე სხვადასხვა პერიოდულობით ყოველთვის აქტუალური ხდება ეს თემა, ძირითადად, მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან“, – წერს GDI.

ანგარიშის მიხედვით, სხვადასხვა ინიციატივით ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, შეამციროს და გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოს გამოხატვის თავისუფლების ფარგლები. მსგავსი მიდგომა კი აჩენს განცდას, რომ ხელისუფლებას ერთი შეხედვით კეთილშობილური მიზნების უკან, კრიტიკული აზრის მაქსიმალური შეზღუდვის სურვილი აქვს.

„ფაქტია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან პრობლემებს ვაწყდებით ქვეყანაში. ტენდენციები აჩვენებს, რომ ხელისუფლების ყველა შტო ერთობლივად ცდილობს, მაქსიმალურად მოთოკოს მისდამი კრიტიკული აზრის არსებობა საკანონმდებლო ჩარჩოს გამკაცრებით, ადმინისტრაციული პრაქტიკისა თუ, სასამართლოს გადაწყვეტილებების გზით. ხელისუფლების ასეთი ქცევა პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის გაუარესებასთან“, – წერს GDI.