„თქვენს დამოუკიდებლობას ჯერ მხოლოდ ერთი თაობა ითვლის და ამ დროის განმავლობაში თქვენს საზოგადოებასა და ევროკავშირს შორის მანძილი მნიშვნელოვნად შემცირდა. ევროკავშირი თქვენი ყველაზე ერთგული პარტნიორია მეტი დემოკრატიის, მეტი სტაბილურობის, მეტი კეთილდღეობის და რაც ყველაზე მთავარია ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზაზე“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე საუბრისას განაცხადა.
„დემოკრატიული მმართველობა არის იმის გასაღები, რომ ლიბერალური დემოკრატია სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვან აქცენტად იქცეს. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური აუცილებლობა, ეს არის აუცილებელი ფაქტორი იმ შესაძლებლობების გამოსაყენებლად, რომლებსაც იძლევა ეს ინსტრუმენტი.
შარლ მიშელის შეფასებით, დღევანდელი შეხვედრა სამი ქვეყნის ლიდერებს შორის არის შესაძლებლობა, რომ აქცენტი გაკეთდეს ასოცირების პარტნიორების ინიციატივაზე:
„ეს შეხვედრა – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ლიდერების – არის იმის შესაძლებლობა, რომ აქცენტი გაკეთდეს ასოცირების პარტნიორების ტრიოს ინიციატივაზე, იმისათვის, რომ გაძლიერდეს კოორდინაცია ასოცირების პარტნიორებს შორის ბრიუსელთან. ეს კიდევ უფრო მეტად მოგვცემს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობას, უფრო ფართო დღის წესრიგზე, რაც მომავლისთვის გვაქვს დასახული“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.
პრეზიდენტ მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა ასოცირების პარტნიორებს შორის.
„და კიდევ ერთი შემოთავაზება – მოდით, დავნერგოთ სასამართლო რეფორმის კონკურენტული სამიზნე ორიენტირი და ვნახოთ, როგორი მხარდაჭერა შეიძლება იქნეს მობილიზებული ამ კავშირების გასამყარებლად ევროკავშირთან. მიმაჩნია, რომ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ის ლოკომოტივი, რომლის ტრანსფორმაცია შეუწყობს ხელს კეთილდღეობასა და ეკონომიკურ ზრდას, ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი გახსნილობის, საერთო ძალისხმევისა და თანამშრომლობისთვის“, – ამბობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
ჩასწორება:
თავდაპირველად მასალა გამოქვეყნდა ოფიციალურ სინქრონულ თარგმანზე დაყრდნობით, სადაც თარჯიმანის მიერ დაშვებული იყო შეცდომა. შესაბამისად, მასალაში მოყვანილი ციტატა და ასევე სათაური იყო შეცდომა.
ქვემოთ მოცემულია თავდაპირველი ციტატა, რომელიც შეცდომით გამოქვეყნდა:
„ერთი თაობა არის ის მანძილი, რომელიც აშორებს თქვენს საზოგადოებას ევროკავშირის კარებს. აი, ეს დემოკრატია, სტაბილურობა, კეთილდღეობა მეტწილად იქნება თქვენივე ქვეყნის მოსახლეობის სასარგებლოდ“.