ერთი თვის წინ ადამიანი მომიგზავნეს, თუ ოპოზიციას არ ჩამოშორდები, გამოძიებას შევწყვეტთო – მაჩალიკაშვილი

პუბლიკა

„ერთი თვის წინ ადამიანი მომიგზავნეს, თუ გაერთიანებულ ოპოზიციას არ ჩამოშორდები, თუ სახლში არ წახვალ, ჩვენ გამოძიებას შევწყვეტთო“, – თქვა პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ რუსთაველზე პროტესტის განახლებას აპირებს, თუმცა ხელისუფლება ფარულად ადევნებს თვალს და იანვარში პარლამენტის წინ კარვის გაშლაში ხელიც შეუშალეს. მასთან პირად საუბარში კი თავად მმართველი გუნდის მაღალჩინოსნები აღიარებდნენ, რომ მისი შვილის საქმის გახსნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჩამოშლიდა და ამიტომ არ იძიებდნენ.

„თემირლანის საქმე ისეთია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაანგრევს. თავად იმ ადამიანების სიტყვებია, რომლებიც დღეს მაღალ თანამდებობაზე არიან – ბატონო ვახა, ჩვენ რომ ვაღიაროთ ეს საქმე, ხელისუფლება თავზე დაგვემხობაო. ჩემი სიტყვები არ არის.

„ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე ადამიანს ჰქონია ამაზე ჩემთან საუბარი, მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი… სამარეში ჩავიტან მათ სახელსა და გვარებს, მე არ ვიტყვი, რომ მათ პრობლემა არ შევუქმნა. კაციშვილს არ მინდა, რომ პრობლემა შეექმნას. მე მინდა ვიცოდე ვინ მომიკლა ერთადერთი, უდანაშაულო მძინარე ბავშვი. მე მინდა ვიცოდე, ვინ გამანადგურა და ამას გავიგებ“, – თქვა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, საქმის გამოძიებისთვის პირველ ეტაპზე ის პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს და წუხს, რომ ეს საკითხი 8 მარტის შეთანხმებაში არ შევიდა.

„პირველ რიგში, ჩემი სურვილი და მიზანია, რომ პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. ამიტომაც ვწერდი, რომ 8 მარტის შეთანხმებაში ეს საქმეც უნდა შესულიყო. იმიტომ, რომ პირველივე დღიდან მოვდივარ მე ამ ბრძოლაში, სამი ზამთარი ქუჩაში გავატარე, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია და ვისურვებდი, რომ შესულიყო შეთანხმებაში“, – თქვა მაჩალიკაშვილმა.