ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შეტანის მიზნით PHR-მა სასამართლოს მიმართა

პუბლიკა

დღეს ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში ბავშვის ასაკის შესაბამისი, ინკლუზიური სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შეტანისა, და სწავლების, როგორც სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილის შესახებ.

„მოგეხსნებათ, რომ საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა არ შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ბავშვის პირადი სივრცე და უსაფრთხოება, ასევე ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა და მისი პრევენცია.

ბავშვებს არ აქვთ წვდომა სამეცნიერო მტკიცებულებებზე და ბავშვთა უფლებებზე. ამ ინფორმაციის ნაკლებობის გამო ბავშვები ხშირად ვერ აფასებენ ფაქტებს სწორად და მათ მიმართ სექსუალური ძალადობის რისკები იზრდება.

აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მიმართებაში, რადგან ისინი დამატებით დაბრკოლებებს აწყდებიან რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობისას“, – ამბობენ ორგანიზაციაში.

PHR-მა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით, რომლითაც ითხოვს:

  • დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018-2024 წლების ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინკლუზიური სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შეტანა და იმ სწავლების დანერგვა, რომელიც გაითვალისწინებს ბავშვის ასაკს და დაფუძნებული იქნება ბავშვის უფლებებსა და სამეცნიერო მტკიცებულებებზე.