„ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ დღეს, ოპოზიციური პარტიების გაერთიანებულ შეხვედრამდე, მედიასთან „მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება შეაფასა და ასევე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის გეგმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ძირითად მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს.
„ჩემი აზრით, ამ მთელმა პერიოდმა ანახა ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ ოპოზიციის მჭიდრო კოორდინაციასა და ერთსულოვნებას ფუნდამენტურ საკითხებში ალტერნატივა არ აქვს და ეს არის გამარჯვებისა და ცვლილებების წინაპირობა. ამიტომ ეს თანამშრომლობაც და კოორდინაციაც გაგრძელდება ეს შეხვედრაც ამის ნათელი მაგალითია. ვფიქრობ, რომ იმისდა მიხედვით, როგორი იქნება სისტემა, იქნება ეს 30 მაჟორიტარი თუ როგორ, ამ საკითხში კოორდინაციასა და ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე შეჯერებას ალტერნატივა არ გააჩნია, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ 30 იქნება თუ 70, ივანიშვილი ამ კომპონენტს თავის სასარგებლოდ ხელისუფლების მისატაცებლად გამოიყენებს. და ერთადერთი ამის პრევენცია მსხვილ ერთიან მაჟორიტარებზე შეთანხმებაა ძირითად ოლქებში, რომ არ მოხდეს ხელისუფლების მიტაცება. ჩვენ ფუნდამენტურად, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ახალ ეპოქაში შევდივართ და ჩვენი პოლიტიკური თაობის ამოცანაა, რომ პროპორციულმა სისტემამ იმუშაოს და ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა მოუტანოს.
ამიტომ პარტიული მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია. პარტიები ჩაქუჩებს კი არ უნდა ურტყამდნენ ერთმანეთს, თანამშრომლობა უნდა იყოს. ამიტომ პროპორციულ ნაწილში იქნება მრავალფეროვნება და მაჟორიტარულში იქნება შეთანხმება და მაქსიმალური კოორდინაცია, ეს არის გამარჯვების ბილეთი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
კითხვაზე – წარმოუდგენია თუ არა ევროპული საქართველო კოალიციაში საარჩევნოდ სხვა პარტიებთან? – უპასუხა: „ევროპულ საქართველოსთან სხვების კოალიცია წარმომიდგენია, კი“.
ამავე თემაზე:
► ოპოზიცია საკვანძო რაოდენობის მაჟორიტარულ ოლქებში მაინც მოვახერხებთ კოორდინაციას – კახიძე;