„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პარტიას აფუძნებს

პუბლიკა

„ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პოლიტიკური მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პარტიას აფუძნებს.

გავრცელებულ განცხადებაში წერენ, რომ უახლოეს პერიოდში ჩატარდება პარტიის დამფუძნებელი ყრილობა და დაიწყებენ მზადებას საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რაც გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე, ვეღარ დავრჩებით ევროილუზიაში მყოფი ხელისუფლებისა და უსამშობლო, აგენტურული ოპოზიციის იმედად“, – წერია განცხადებაში.

ანტიევროპულ და ანტიამერიკულ განცხადებაში „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ წერს, რომ ხელისუფლება თავად უნდა ამბობდეს უარს „მორალურად, პოლიტიკურად და ეკონომიკურად დეგრადირებულ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ვიდრე არ მოხდება ამ გაერთიანებაში ჭეშმარიტი ევროპული, დემოკრატიული და სამართლიანი ღირებულებების რეანიმაცია“.

გაერთიანება წერს, რომ საქართველოს ნეიტრალური სტატუსის გამოცხადება იქნება ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეკონომუკური შესაძლებლობების აღიარება გეოგრაფიული უპირატესობების აღიარებით.

„წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილების საკითხში ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის ეფექტიანად გამოყენება საშუალებას მოგვცემს ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხითაც დავაინტერესოთ არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნები და რუსეთი, არამედ თავად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები“, – წერია განცხადებაში.