„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, ზუგდიდში, სოფელ რიყეში, მათი შტაბის წევრს, ლევან გოგიას თავს დაესხნენ და კოალიციის ლოგოთი გაფორმებულ მანქანას ქვები დაუშინეს.
პარტია ამბობს, რომ გოგიას პირადობის მოწმობების უკანონოდ ჩამორთმევის მცდელობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება სურდა.
„რომან კვანჭიანი, რომელიც არის კრიმინალი, ბოლოს ყაჩაღობაზე იჯდა, მანამდე მკვლელობაზე, ეს ადამიანი დადის პირადობის მოწმობების ჩამოსართმევად. ფაქტობრივად, ციხიდან არ გამოსულა, ახლა გამოუშვეს სწორედ ამ საქმისთვის. რაც შეეხება მომხდარს, სოფლის შესასვლელთან იდგა ორი პირი, სახეზე ვერ ვიცანი, როცა მანქანით ჩავიარე, ეგრევე ქვები დამიშინეს. ერთი მინას მოხვდა და ჩამსხვრეულია. იმ ორ პირთან ერთად იდგა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ფორმაში ჩაცმული პირი, ვიდეოშიც ჩანს ფორმა“, – ამბობს გოგია.
ადგილზე გამოიძახეს პოლიცია. პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ანა წითლიძე, ამბობს, რომ კონკრეტული პირები, „ქართული ოცნების“ შტაბიდან მიღებული დავალებით, მოქალაქეებს პირადობებს ართმევენ.