ოპოზიციონერების ნაწილი დეკლარაციების შევსებას არ აპირებს - რა პოზიცია აქვთ პარტიებს

პუბლიკა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ არ აპირებენ ქონებრივი დეკლარაციის შევსებას. ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, პარტიას ანტიკორუფციულმა ბიურომ მიმართა, რომ წარედგინათ ქონებრივი დეკლარაცია, როგორც პარლამენტის წევრებს.

პარტიის წევრები ამბობენ, რომ ისინი არ წარმოადგენენ „არალეგიტიმურ პარლამენტს“.

„ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ არანაირი მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებდით და არც მომავალში არ ვაპირებთ ე.წ. პარლამენტში მუშაობას, რომელიც არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ის ღალატობს კონსტიტუციურ პრინციპებს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ არასოდეს წინააღმდეგი არ ვყოფილვართ, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო ჩვენი ქონებრივი დეკლარაცია, მაგრამ ამას გავაკეთებთ ნებისმიერ სხვა ფორმატში, რადგან ჩვენ არ ვართ არანაირი ნიშნით ე.წ. პარლამენტის წევრები და არც მომავალში ვიქნებით“, – თქვა ფავლენიშვილმა.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, პარლამენტი არალეგიტიმურია, თუმცა ისინი შეავსებენ ქონებრივ დეკლარაციებს და ამით ანგარიშს ქართველ ხალხს ჩააბარებენ.

„ჩვენ ცალსახად ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში, უნდა მოხდეს საჯარო პირების დეკლარაციების გასაჯაროება და რაჟდენ კუპრაშვილი, როგორც კომიკური ფიგურა რუსული რეჟიმის მსახურებაში მყოფი, ვალდებული უნდა გახდეს, გამოაქვეყნოს შესაბამისი დეკლარაციები. მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ყველა ლიდერს ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგად ყველა არჩეულ დეპუტატს გვაქვს დაწერილი განცხადება სიების ჩახსნის შესახებ, გვაქვს დაწერილი განცხადება ინდივიდუალური მიმართვის სახით, არალეგიტიმური პარლამენტისთვის, რომ შეწყდეს მანდატები, ჩვენი უფლებამოსილება არალეგიტიმურ პარლამენტში, ჩვენ მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება რომ შევავსოთ შესაბამისი ქონებრივი დეკლარაციები“, – თქვა კუპრაძემ.

„თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე წერს, რომ იმ ფონზე, როცა თანამდებობის პირთა დეკლარაციები საჯაროდ ხელმისაწვდომი აღარაა და საზოგადოების ნაცვლად „ოცნება“ მოითხოვს ანგარიშის ჩაბარებას, ის დეკლარაციის შევსებას არ აპირებს.

„„ანტიკორუფციული სააგენტოდან ჩემს სახელზე მოვიდა წერილი, რომლითაც თურმე მევალება ქონებრივი დეკლარაცია შევავსო, როგორც „პარლამენტის წევრმა“. განცხადება მანდატის გაუქმებაზე ჯერ კიდევ გასულ წელს შევიტანე, არჩევნების გაყალბების გამო არ ვმონაწილეობ „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტის შენობაში გამართულ შეკრებებში და არც არანაირ ანაზღაურებას ვიღებ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამის მიუხედავად, მჯერა, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია თანამდებობის პირთა ქონებაზე. სწორედ ამ მიზნით, ჯერ კიდევ შემოდგომაზე, წინასაარჩევნოდ უკვე შევავსე დეკლარაცია ფინანსური მდგომარეობის და შემოსავლების შესახებ. თუმცა, ივანიშვილის პარტიამ იმისათვის, რომ საზოგადოებისაგან ფარულად უფრო ადვილად გააგრძელოს კორუფციული საქმიანობა, ქონებრივ დეკლარაციებზე პირდაპირი და დაუყოვნებლივი წვდომა საერთოდ შეზღუდა. დღეისათვის, არც ჩემი და არც სხვისი განახლებული დეკლარაციები აღარ არის ხელმისაწვდომი დაინტერესებული მოქალაქეებისა და მედიისთვის, წინასწარი მიმართვისა და ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, რაც მნიშვნელოვანი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უკიდურესად ზღუდავს. გამოდის, რომ ჩვენ ხალხის ნაცვლად „ქართულ ოცნებას“ უნდა ვაბაროთ ანგარიში და მის წინაშე გავხდეთ ანგარიშვალდებულნი. მე ამის გაკეთებას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ. ამიტომ, მივმართავ ანტიკორუფციულ სააგენტოს ამ მოთხოვნის გასაუქმებლად და მოვითხოვ, რომ კვლავ საჯარო, დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი და შეუზღუდავი გახდეს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები“, – თქვა მან.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ აცხადებს, რომ არ შეავსებენ დეკლარაციებს, რადგან არ აღიარებენ გაყალბებულ არჩევნებს, არ ცნობენ პარლამენტის ლეგიტიმურობას და უარი თქვეს მანდატებზე.

„არ ვაღიარებთ რუსულ სტილში გაყალბებულ 26 ოქტომბრის არჩევნებს და არ ვცნობთ ე.წ. პარლამენტის ლეგიტიმურობას. სწორედ ამიტომ, ჩვენ უარი განვაცხადეთ საპარლამენტო მანდატებზე, დაფინანსებაზე და სხვა პრივილეგიებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი კოალიციის ერთიანი პოზიციაა, არ შევავსოთ თანამდებობის პირის დეკლარაციები. გამჭვირვალეობის პრინციპებისა და კანონის მოთხოვნების დაცვით, ჩვენი, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატების დეკლარაციები შევსებულია 2024 წლის არჩევნებამდე. ახლა, ჩვენი სამშობლოსთვის ამ ისტორიულ მომენტში თითოეული ჩვენგანის ვალია, გაგრძელდეს არაღიარების პოლიტიკაზე მუშაობა და ქართველ ხალხთან ერთად პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისა და ახალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევა“, – წერია განცხადებაში.

რაც შეეხება პარტიას „გახარია საქართველოსთვის“, პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ დეკლარაციების შეავსებენ, მაგრამ ამას არანაირი კავშირი არ ექნება პარლამენტის აღიარებასთან.

„დეკლარაციის შევსება, ეს პირველ რიგში ემსახურება გამჭვირვალობას, რისი საწინააღმდეგოც ჩვენ არაფერი გვაქვს, ეს რა თქმა უნდა, არ არის არანაირ კავშირში ამ პარლამენტის ლეგიტიმაციასთან, აღიარება არ აღიარებასთან, თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი პოზიცია პირველივე დღიდან იყო და დღემდე ამას თანმიმდევრულად ვაკეთებთ, რომ ამ დე ფაქტო პარლამენტს არ ჰქონოდა ლეგიტიმაცია და ეს ლეგიტიმაცია არ აქვს არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ და ჩვენ ამ მხრივ არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ. რაც შეეხება დეკლარაციების შევსებას, ამას ჩვენ გავაკეთებთ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, არანაირი კავშირი ამ აქტს ამ პარლამენტის აღიარებასთან ან გარკვეული ტიპის ლეგიმიტაციასთან, არ ექნება“, – თქვა შარაშიძემ.