„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს ოფიციალურად მიმართა – განცხადება დღეს სოფო ჯაფარიძემ შეიტანა.
„მოვიტანეთ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ხელმოწერით, სადაც ჩვენ ვითხოვთ სიის ჩახსნას, ვინაიდან ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს. ამ პარლამენტს არ აქვს ლეგიტიმაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
სამი დღის ვადაში ველოდებით, რომ რუსულ სპეცოპერაციაში ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს, გიორგი კალანდარიშვილმა დააკმაყოფილოს ჩვენი განცხადება კანონით დადგენილი წესით, რომელიც აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს და შემდგომ ყველა ნაბიჯს და ყველა კანონით დადგენილ წესს გამოვიყენებთ, რომ ამ პარლამენტს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია. ამ პარლამენტს არ აღიარებს არავინ, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ეს არის თვითმარქვია პარლამენტი და თვითმარქვია ხელისუფლება.“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ცოტა ხნის წინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნაზე განაცხადი შეიტანა. მისი თქმით, ცესკოს თავმჯდომარე ახლა ვალდებულია, სამი დღის ვადაში ჩახსნას საპარლამენტო სია, რის შემდეგაც უკვე ინდივიდუალურ განცხადებებზე იმსჯელებენ და „კონკრეტული თარიღების მიხედვით“ შეიტანენ პარლამენტში.
25 ნოემბერს პარტიული სიის ჩახსნის მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა „კოალიციამ ცვლილებისთვის“. თენგო თევზაძის განცხადებით, როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარე პარტიულ სიას ჩახსნის, მიმართავენ პარლამენტს მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ მისი ხელმოწერით განცხადებას პარტია დღეს შეიტანს ცესკოში.
„გახაირა საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ „მაშინ და იმ ფორმით, როცა ამას გადავწყვეტთ“.