„ერთჯერად პროექტში მივიღებ მონაწილეობას" - მიდის თუ არა პოლიტიკაში გია ხუხაშვილი

პუბლიკა

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური გადახალისება უნდა მოხდეს, ახალგაზრდები უნდა წამოვიდნენ და გადახალისების ერთჯერად პროექტში თვითონაც აპირებს მონაწილეობას. ამის შესახებ ხუხაშვილმა „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

გადაცემა „კომენტარის“ წამყვანმა გია ხუხაშვილის Facebook-სტატუსი წაიკითხა:

„მიუხედავად მწვავე კრიტიკისა, მქონდა პიროვნული ვალდებულება, არ მიმეღო მონაწილეობა მის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროექტში. კობახიძე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არის აბსურდი და მაღალი სახელმწიფოებრივი რისკების სერიოზული ფაქტორი.

შესაბამისად, ერთი მხრივ პირადი ვალდებულება ძალას კარგავს და მეორე მხრივ, ჩნდება ამ ტრაგიკომიკური სცენარის აღკვეთის საზოგადოებრივი ვალდებულება. ეს მოცემულობა განაპირობებს ჩემს შემდგომ ნაბიჯებს“.

ამის შემდეგ ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რა იგულისხმა გია ხუხაშვილმა შემდგომ ნაბიჯებში და მიდის თუ არა ის პოლიტიკაში:

„ჰო, არა… ეს მეც არ ვიცი, თქვენ რა გითხრათ. ეს არის უბრალო რეაგირება იმ მოცემულობაში, რაც შეიქმნა ქვეყანაში და არა უმეტეს ამისა. მე არ ვარ პოლიტიკოსი, რომ რაღაც გრძელვადიან თამაშზე ვიფიქრო; არც იმ ასაკში ვარ, რომ რაღაც პოლიტიკური  კარიერის ან თანამდებობრივი ამბიციები მქონდეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ერთჯერადი ამოცანაა შესასრულებელი იმისთვის, რომ არ დავუშვათ ის აბსურდი, ის ტრაგიკომედია, რაც მოსალოდნელია უახლოეს პერიოდში…

თქვენ იცით, რომ ივანიშვილს მკაცრად ვაკრიტიკებდი და, ჩემი აზრით, დიდწილად საფუძვლიანად, თუმცა პოლიტიკაში შესვლა ჩემთვის არასდროს ყოფილა კომფორტული. არ ვარ პოლიტიკური. მაშინაც მისი დაჟინებული თხოვნა იყო და ერთჯერადი პროექტის სახით მივიღე მონაწილეობა. ახლა დადგა რეალობა, ბიძინა ივანიშვილის აი, ამ საქციელის გამო, იძულებული ვარ, იგივე ნაბიჯი გადავდგა. არა იმიტომ რომ მსურს, არამედ, იმიტომ, რომ იძულებული ვარ, ვხედავ ძალიან მძიმე განვითარებას ყველაფრის.

ბევრი მანკიერების მიუხედავად, ივანიშვილი იყო მეტ-ნაკლებად გარანტი სახელმწიფოებრივი სტაბილურობის და ეს გარკვეულ კომფორტს მეც მიქმნიდა, აქტიურად არ ჩავრთულიყავი ამ პროცესში. ახლა ამის უფლებას ვეღარ ვაძლევ თავს, არა კარიერის გამო, არამედ ვფიქრობ, დადგა დრო, როდესაც სერიოზული გადახალისება უნდა მოხდეს პოლიტიკური ელიტის, ახალგაზრდა თაობა უნდა წამოვიდეს, სუფთა ფურცლიდან, ნაკლებად კომპრომიტირებული და ამ ერთჯერად პროექტში მე მივიღებ მონაწილეობას და როგორც არ უნდა დასრულდეს, მე დავუბრუნდები ისევ ჩემ საქმიანობას, თუ ფიზიკურად კიდევ შევძელი ამის კეთება“, – განაცხადა ხუხაშვილმა.