300-ლარიან დახმარებას ერთჯერადად ტაქსისა და „მარშუტკების" მძღოლები მიიღებენ - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, რომ ლიცენზირებული ტაქსებისა და, ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

„არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი მიმართულება დაზარალდა, დაზიანდა. მათ შორის არის ტაქსის მძღოლები და, ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები. მე ამასთან დაკავშირებით ვისაუბრე, თუმცა კიდევ ერთხელ გავაკეთებთ განცხადებას, რომ თბილისის ტაქსის მფლობელებს ის სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათი შეეხება, რომელიც ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს. ეს ეხება ყველა იმ ტაქსის მძღოლს, რომელსაც აქვს ლიცენზია.  ამ კონკრეტული პროექტით ისარგებლებენ მიკროავტობუსის მძღოლებიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ამისთვის საჭირო იქნება გარკვეული მინიმალური პროცედურების გავლა და შესაბამისი სამსახურებისთვის მონაცემების მიწოდება. ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა სპეციალური კომისია და ის პირები, ვინც კორონავირუსის პანდემიის პირობებში  შემოსავალი დაკარგა, ცენტრალური ხელისუფლებისგან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ.