ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე ხელმომწერ სასულიერო პირებს მიმართავს და Facebook-გვერდზე სულხან მოლაშვილის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუს ფრაგმენტს აზიარებს.
„შერიგება საღმთო საქმეა, ჩვენი რწმენის დედა აზრი და საფუძველთა საფუძველი, შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან, მტანჯველი კი სინანულს უნდა განიცდიდეს, პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ, ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ამ ტანჯვა-წამება გამოვლილ ოჯახებს, მათი ჭირ-ვარამი თუ მოგისმენიათ?“, – წერს მიტროპოლიტი.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას, გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხელი სამმა უმაღლესმა იერარქმა – შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა, ახალქალაქისა და კუმურდოს, და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა და მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა – მოაწერა.
გუშინ თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
1 ოქტომბერს სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია იმ საცხოვრებელი ბინის მეპატრონეც, ვის სახლშიც ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.