„ერთხმად დაგვიდასტურეს, რომ თამაშობენ მიშას თამაშს“ | „გირჩმა“ ოპოზიციის შეხვედრა დატოვა

პუბლიკა

პარტია „გირჩის“ წევრებმა, იაგო ხვიჩიამ, სანდრო რაქვიაშვილმა და ვახო მეგრელიშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე შეხვედრა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვეს.

იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას უნდოდა, განეხილა სამი საკითხი: თანახმა იყო თუ არა ოპოზიცია სრულად პროპორციული არჩევნების საკითხზე; არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების შეგროვება; მესამე – რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას დაიჭერენ. ხვიჩიას თქმით, ვერც ერთ საკითხზე ცხადი პასუხი ვერ მიიღეს.

„ფაქტობრივად, ხალხმა, ვინც შიგნითაა, ერთხმად დაგვიდასტურეს, რომ თამაშობენ მიშას თამაშს. მაგალითად, კახა კუკავამ მითხრა, რომ გვაცალეთ მიშას თამაშის თამაშიო. კი, ასე მითხრა კახა კუკავამ მაგრამ ზოგადად განწყობა იყო ეს.

ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მიშას თამაშში ჩვენი ადგილი არ არის, გვქონდა სულ 3 საკითხი, რომლის განხილვა გვინდოდა. ეს ისეთი საკითხები იყო, რომელზედაც თუ მსჯელობა დაიწყებოდა, აღმოჩნდებოდა, რომ რაც გვინდოდა, ის იყო სამართლიანი, შესაბამისად გვითხრეს, რომ ოპოზიცია გადადის სხვა „მოუდზე“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, დააკვირდებიან, როგორ განვითარდება მოვლენები ნიკა მელიასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თუ მათთვის სავარაუდო სცენარი განვითარდება, „გირჩს“ მოუწევს, გაემიჯნოს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას.

„კითხვები დავსვით და ამ კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ. არათუ პასუხები ვერ მივიღეთ, გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს ნაცვლად იმისა, რომ ეპასუხათ.

ოპოზიციას ჰგონია, რომ ჩვენ ვართ „ქართული ოცნება“. რაღაცა ცუდად გველაპარაკებიან. ორი მხარე, „ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი ჩხუბი იყოს მთავარი ივენთი ამ ქვეყანაში. ამისთვის აგერ თავმჯდომარეა გამზადებული, ახალგაზრდა, პუტკუცუნი ბიჭი, რომელიც, თუ დაიჭერენ, ყველას შეგვეცოდება და ვერაფერს ვეღარ გავაკეთებთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, დღეს მთავარი პასუხი მიიღეს კოლეგებისგან, რომ ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნია, მათთან ლაპარაკი არ შეიძლება. რაქვიაშვილს აინტერესებს, როგორ აპირებს ოპოზიცია მომავალში ქვეყნის მართვას, თუ ამის პრეტენზია აქვთ.


„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა 1 საათზე მეტია, მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე მათ განაცხადეს, რომ იმსჯელებენ, როგორ იმოქმედებს ოპოზიცია ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში.