ერთმანეთს ხელი უნდა ჩავკიდოთ და მოვითხოვოთ ცვლილებები... თავისუფლად შეიძლება იყოს 200 000 ადამიანიც - სააკაშვილი

პუბლიკა

„… ქართველი ხალხი არ შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინელების იმედზე. ქართველმა ხალხმა თავად უნდა დაიცვას თავისი ღირსება, ის, რისთვისაც ჩვენი წინაპრები საუკუნეები იბრძოდნენ, ომობდნენ“, –  განაცხადა დღეს მსჯავრდადებულმა მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში.

როგორც მან თქვა, ახლა მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა ერთიანობა აჩვენოს და მოითხოვოს ცვლილებები ქვეყანაში.

„ჩვენ არ გვჭირდება ომი და სხვა რამ დღეს. ჩვენ გვჭირდება უბრალოდ ერთიანობა. ჩვენ გვჭირდება ერთიანობის დემონსტრაცია და ერთიანობის ზეიმი. ჩვენ გვჭირდება ცვლილებები სწორედ ამ ერთიანობით და ვერაფერი წინ ვერ აღუდგება, როდესაც ადამიანები დგანან, ერთმანეთს ხელს ჩაჰკიდებენ, მიუხედავად განსხვავებებისა… თავისუფლად შეიძლება იყოს ეს 200 000 ადამიანიც და არა რაღაც მორიგი აქცია 20-30 [ათასი], უბრალოდ, ადამიანებმა მოითხოვონ ცვლილებები. მოითხოვონ, ის, რაც ეკუთვნით – რომ მათ დაუბრუნდეთ ქვეყანა, ამ ძალიან რთულ პერიოდში. რადგან არის ისტორიული შანსი და ფანჯარა, რომელიც მალე მოიკეტება  – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საქართველოს სწრაფი განვითარების გაგრძელების. დღეს ჩვენ ჩიხში ვართ შესულნი და ჩვენ უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი და გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია….

ჩვენი ამოცანა ახლა არის თანადგომა ერთმანეთის გვერდზე… ნურავინ ნუ ელის რაღაც საიდუმლო გეგმებსა და კონსპირაციას. დღეს ყველაფერი ზედაპირზეა – უკრაინა გაიმარჯვებს; რუსეთი მარცხდება; საქართველო გასაერთიანებელია, ჩიხიდან არის გამოსაყვანი; ჩვენი ისტორია გასაგრძელებელია; ქართველები უნდა იყვნენ ბედნიერები საკუთარ ქვეყანაში; ქვეყნიდან გაქცევა უნდა შეჩერდეს და წერტილი დაესვას. ძალიან დიდი ეკონომიკური გამოწვევები გვაქვს პოლიტიკის არქონის გამო. თითოეულ ქართულ ოჯახს კატასტროფულად გაუჭირდა. ყველაფერ ამის გადალახვა შეიძლება სულ რამდენიმე თვეში. ოღონდ – ერთიანობა, სიმტკიცე და არშეგუება სხვის მიერ მოხვეული თამაშის წესებთან.  ჩვენ გვაქვს ჩვენი ქართული ცა, და ჩვენ გვექნება უკრაინელებთან ერთად ჩვენი ქართული გამარჯვება“, – აღნიშნა მიხეილ  სააკაშვილმა.