დაავადება კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, რომ ცენტრმა უკვე დაიწყო მუშაობა განათლების სამინისტროსთან ერთად ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესების შემუშავებაზე.
„გვაქვს მსჯელობა მათთან [განათლების სამინისტროსთან] ერთად – რა აჯობებს; როგორ იქნება უფრო უსაფრთხო; უფრო მეტად დაცული ის ადამიანები, რომლებიც მივლენ გამოცდის ჩასაბარებლად და მართლაც, წლევანდელმა აბიტურიენტებმა, ამ პერიოდში (მას მერე, რაც covid 19-ის გავრცელება დაიწყო მსოფლიოში, რაც პანდებიად ჩამოყალიბდა – ჩვენ ქვეყანაში ტარდება მთელი რიგი ღონისძიებები), მართლაც უჩვეულო გარემოში მოუწიათ სწავლა და მზადება ეროვნული გამოცდებისთვის“, – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.
მისი თქმით, უმრავლეს აბიტურიენტს უჩვეულო გარემოში მოუწევს სკოლის დამთავრება და ბოლო ზარის ღონისძიების აღნიშვნა. „შეიძლება ისე ფართოდ და ისე მასშტაბურად არა, როგორც სხვა წლებში იყო“.
„თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებას გამოცდებზე, ვუსურვებ, რომ მათ მიიღონ ის სასურველი შედეგი გამოცდებზე, რომელსაც ელიან და იმსახურებენ, ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას დავსახავთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ ის 3-4 საათიანი გამოცდა, რომელზეც უწევთ აბიტურიენტებს მუშაობა, იყოს მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო – შემუშავებული იქნება ადეკვატური რეკომენდაციები“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.