ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ - ამომრჩევლები საზოგადოებრივ კამპანიას იწყებენ

პუბლიკა

„ამომრჩევლები ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ” – ასე ჰქვია კამპანიას, რომლის პრეზენტაციაც გუშინ საღამოს „მზიურის“ პარკში გაიმართა.

აქტივისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფკავშირებისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, წინასაარჩევნოდ ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი კამპანია აწარმოონ და მოსახლეობა მრავალპარტიულობის აუცილებლობაში დაარწმუნონ.

მათი თქმით, ეს ერთგვარი პასუხია „ქართული ოცნების“ მიერ გეოპოლიტიკური კურსის ცვლილებასა და დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევაზე, რაც სწორედ მათი უმრავლესობით მმართველობის პირობებში მოხდა.

„ვფიქრობთ, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ ერთპიროვნული, შეუზღუდავი ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში, ის ყველა წინააღმდეგობასა და პროტესტს ავტორიტარული მეთოდებით ჩაახშობს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ქალაქის იერსახის შენარჩუნებას შეეხება, საჯარო სივრცის, ბუნებრივი რესურსების, საარსებო გარემოს დაცვას, თუ შრომის ღირსეული პირობების, ხარისხიანი ჯანდაცვის და განათლების მოთხოვნას. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, დავიცვათ ქართული დემოკრატია. ჩვენი ამოცანა მრავალპარტიული პარლამენტია. ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ უმრავლესობის მოპოვება ვერ უნდა მოახერხოს. ამ მიზნის მისაღწევად, ვქმნით დემოკრატიულ პროცესს ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობისთვის, ვუკავშირდებით ერთმანეთს და მხარდამჭერებს ვიკრებთ“, – ნათქვამია კამპანიის განცხადებაში.

კამპანიის კიდევ ერთი მთავარი მიზანი პოლიტიკურ ველში სოციალური საკითხების აქტუალიზებაა. სიღარიბე, უმუშევრობა, შრომის უღირსი პირობები, ჯანდაცვის და განათლების დაბალი ხარისხი და მაღალი ფასები, გარემოს და საჯარო სივრცის უდიერი მართვა – ამ და სხვა პრობლემების დღის წესრიგში დაყენება, კამპანიის ინიციატორების აზრით, მეტ რელევანტურობას შესძენს პოლიტიკურ პროცესს და მოქალაქეების ხმასაც უფრო ხმამაღლა გაგვაგონებს.

კამპანიას მხარს უჭერენ და უერთდებიან სხვადასხვა მოქალაქეები და სხვადასხვა ორგანიზებული ჯგუფების წარმომადგენლები. პლატფორმა „კომენტარის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, სოფო ვერძეული ფიქრობს, რომ მოქალაქეებმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული და სამართლიანი ქვეყნის მშენებლობა, 26 ოქტომბრის არჩევნებზე უარი უნდა უთხრან ავტორიტარიზმს, ერთპარტიულ მმართველობას და დემოკრატიული პრინციპების ღალატს.

„ჩვენს საზოგადოებას ასეთი პრინციპული არჩევანი ადრეც გაუკეთებია. მჯერა, რომ წელსაც იმავეს გავაკეთებთ. თუმცა, ეს არჩევნები სხვა მხრივაც გარდამტეხია. ჩვენ, ამომრჩევლებს, მოგვიწევს დავიცვათ ევროპული მომავლის იდეაც. პირველად ხდება, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანი ასე ღიად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ხელისუფლების ყოველი შემდგომი ნაბიჯი ეჭვის ქვეშ აყენებს ევროინტეგრაციის პროცესს და სრული იზოლაციისკენ მიჰყავს ქვეყანა“, – ამბობს სოფო ვერძეული.

ის და მისი თანამოაზრეები გეგმავენ, მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე ფართო საზოგადოებას მიაწვდინონ ხმა მთელი ქვეყნის მასშტაბით და მომდევნო თვეებში არაერთ რეგიონში გეგმავენ ჩასვლას.

„ასეთ კრიტიკულ მომენტში საზოგადოების ხმა უფრო მკაფიოდ უნდა ისმოდეს და ეს კამპანია ამის საშუალებას შექმნის. ასეთმა კამპანიებმა უნდა აიძულოს პოლიტიკური პარტიები, რომ საუბარი დაიწყონ ადამიანების მთავარ საჭიროებებზე და დააბრუნონ რეალური პოლიტიკური საკითხები დღის წესრიგში“, – ამბობს სოფო ვერძეული.

კამპანიის იდეებს მხარს უჭერს ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფოსი თამარ ცხადაძეც. ის პრეზენტაციასაც ესწრებოდა და ფიქრობს, რომ ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის აუცილებელია ძალთა ბალანსი და ერთპიროვნული მმართველობისგან თავის დაღწევა. ასევე, მოსახლეობის რეალური, მწვავე პრობლემების დღის წესრიგში დაყენება და მათ მოგვარებაზე ფიქრი:

„წლებია ვუყურებთ, როგორ გვმართავს საქართველოს ხელისუფლება სიძულვილის თესვით და მოქალაქეთა ერთმანეთისთვის მტრად გადაკიდებით. სრულიად ცინიკურად და შეუნიღბავად იყენებს ამ მეთოდებს ასევე ცინიკურად და აშკარად გაცხადებული მიზნებისთვის – უკონტროლო ძალაუფლების კონსოლიდაციისა და საზოგადოების ხარჯზე აღვირახსნილად გამდიდრებისთვის. ისევ და ისევ ვდგებით გადაუდებელი, საგანგაშო არჩევანის წინაშე, რომელშიც არც ერთ მხარეს არ იკვეთება საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის სასიცოცხლოდ მტკივნეულ სოციალურ პრობლემებზე ზრუნვის პერსპექტივა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების მობილიზებამ ზეწოლა შეუქმნას პოლიტიკურ კლასს, სათანადო ყურადღება მიაქციოს ამ პრობლემებს. ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ დავძლიოთ ნიჰილიზმი და პოზიტიური, შინაარსის მქონე პოლიტიკური დღის წესრიგის გარშემო გავერთიანდეთ“, – ამბობს თამარ ცხადაძე.

კამპანიას უკვე აქვს სოციალური ქსელები, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ სხვადასხვა აქტივობებს შეუერთდნენ და მხარი დაუჭირონ კამპანიის მიზნებსა და გეგმებს.