ეს ადამიანები ვინ მონათლა მოღალატეებად, ვინმე გამოვიდა ოფიციალურად და გამოაცხადა? - გომელაური

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დღეს ნდობის ჯგუფის დახურულ სხდომას დაესწრო. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მინისტრმა დღეს გათავისუფლებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას შესახებ განაცხადა, რომ აღარ იყო მტკიცებულების განადგურების საფრთხე და გირაო ჩათვალა ალბათ საჭიროდ პროკურატურამ.

მინისტრის განცხადებით, ისინი პოლიტიკური პატიმრები არ არიან.

„მე ასე ვიტყოდი, პოლიტიკურ პატიმრებს, რა თქმა უნდა, ვერ დავარქმევდი მათ. ყველა ადამიანი თანასწორია და თუ დააშავა რომელიმემ, პასუხი უნდა აგოს, ეს იქნება მინისტრი, პრემიერ მინისტრი, რიგითი თანამშრომელი თუ დეპარტამენტის თანამშრომელი.

ეს ადამიანები ვინ მონათლა მოღალატეებად, ვინმე გამოვიდა ოფიციალურად და გამოაცხადა, რომ ესენი მოღალატეები არიან?! გვარს და სახელს ვერ ასახელებთ,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა თითოს 20 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.