ეს ადამიანი ბინძურად სიმულირებს - მდინარაძე სააკაშვილზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გამოჩენის შემდეგ კვლავ აცხადებენ, რომ ადგილი აქვს სიმულაციას.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ დღეს საზოგადოებამ ის სიმულაციაში კიდევ ერთხელ ამხილა.

„მე და საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას არ გვჯერა სააკაშვილის. დღეს [საზოგადოებამ] სიმულაციაში კიდევ ერთხელ ამხილა პატიმარი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ამგვარად მოატყუოს საზოგადოება. მთელი თავისი ცხოვრება ატყუებდა და ჰყავდა სტრესში, წამებაში ქართველი ხალხი. დღეს მხოლოდ ტყუილის რესურსი დარჩა. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ მას თმა რომ არ გადაევარცხნა გვერდზე, წვერი არ მოეშვა და მომაკვდავად არ მოეჩვენებინა თავი, ამის აბსოლუტური რესურსი ჰქონდა. მეც ვეთანხმები საზოგადოების აზრს, რომ ეს ადამიანი ბინძურად სიმულირებს. დღევანდელი და წინა კადრები რომ ვნახე, მას შემდეგ კიდევ გამიჩნდა ეს რწმენდა და მჯერა იქიდან გამომდინარე, რასაც აკეთებს და კადრულობს, მსახიობობს“, – განაცხადა მან.

მამუკა მდინარაძის განცხადების მსგავსი განცხადება გააკეთა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედთან“ ინტერვიუში:

„სასამართლომ უნდა იმსჯელოს თემაზე კომპეტენტური მასალებიდან და არა იქიდან გამომდინარე, პატმარს წვერი გაუპარსავი აქვს, დაუვარცხნელია თუ დაუბანელი“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „იმედთან“ ინტერვიუში.

დღესვე უნიჭო სიმულაცია უწოდა სააკაშვილის ჩართვას მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ:

„ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია, თუმცა, როგორც ჩანს, სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია. რაც შეეხება მის ვიზუალს, არაფრით განსხვავდება იმ კადრებისგან, რომელიც გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ და ეს იყო ორი დღის წინ გადაღებული კადრები. ის არის შერჩევით კვებაზე, რამაც გამოიწვია წონაში კლება და მას აქვს გაკეთებული კუჭის ოპერაცია, რამაც გამოიწვია ასევე წონის კლება“, – თქვა მან.


22 დეკემბერს საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებას განიხილავენ, პროცესს ბრალდებული მესამე პრეზიდენტი დისტანციურად ჩაერთო.

ეს ბოლო 7 თვის განმავლობაში საზოგადოებასთან მიხეილ სააკაშვილის პირველი გამოჩენა იყო. მანამდე პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეომასალა, რომელზეც ასახულია რამდენიმე თვის განმავლობაში, დროის სხვადასხვა მონაკვეთში მიხეილ სააკაშვილი „ვივამედის“ პალატაში.

დაგეგმილი იყო სააკაშვილის მიმართვა, თუმცა ვერ მოხერხდა.