დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია წერს, რომ მან დღეს ციხეში მოინახულა დეკანოზი. როგორც ადვოკატი ამბობს, გიორგი მამალაძის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
„მთელი საღამოა ვფიქრობ დამეწერა თუ არა… და ბოლოს ერთი საფუძვლით გადავწყვიტე დაწერა…
ეს ადამიანი დღითიდღე #კვდება! არ ვუტრირებ, დიახ ხელ-ფეხ გაჩერებული დეკანოზი დღითიდღე კვდება ფიზიკურად და ის ასევე განადგურებულია ფსიქოლოგიურად.
ამ ყველაფერს უნდა თუ არ უნდა, ჩვენი საზოგადოება მაინც უშვებს… და ასევე უშვებს ყველა ის სასულიერო პირი, ვინც ეკლესიის ნაწილია და ფიქრობს რომ ღმერთს ემსახურებიან…
ეს სტატუსი დავწერე იმიტომ რომ ღმერთმა დიდხანს ამყოფოს ეს ადამიანი, მაგრამ ფატალური შედეგით რომ დასრულდეს ეს ისტორია მერე არ გინდათ რა ვაი ვიში, “- წერს ადვოკატი.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ დროისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ცნობით, 2019 წლის თებერვლიდან მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურები და ვერ ახერხებს გადაადგილებას.
დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2019 წლის თებერვალში გაუარესდა, ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო კონსილიუმის მიერ დისოციაციური მოტორული აშლილობა დაუდგინდა, რაც შესაბამის კომპლექსურ თერაპიულ მკურნალობას საჭიროებდა. თუმცა, მამალაძე პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით ღუდუშაურის კლინიკიდან მოულოდნელად გადაიყვანეს და მოათავსეს სასჯელაღსრულების N18 სამკურნალო დაწესებულებაში.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გათვალისწინებით საჭიროდ მიიჩნევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმების, მათ შორის, სასჯელის მოხდის გადავადების გამოყენებას.