„ეს ადამიანი მინისტრი კი არა, ციხეში უნდა იყოს“ - ხაბეიშვილი ქარსელაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრ ირაკლი ქარსელაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს.

როგორც ხაბეიშვილმა „მთავარ არხს“ განუცხადა, მას აქვს კონკრეტული დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით, მინისტრი ქარსელაძე 2016 წელს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი იყო.

ხაბეიშვილის მტკიცებით, კომპანიამ სახელმწიფოსგან განმუხურში 39 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი „ჩალის ფასად“ შეიძინა, სანაცვლოდ კი 10-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებისა და სასტუმროს აშენების ვალდებულება აიღო.

დეპუტატი ამბობს, რომ კომპანიას აღებული ვალდებულება არ შეუსრულებია, რის შედეგადაც სახელმწიფომ, სავარაუდოდ, 1 300 000 ლარის ზარალი მიიღო.

„იქ 10 მილიონი ლარის კი არა, 10 კაპიკის ინვესტიციაც არ განუხორციელებიათ. არაფერი მსგავსი არ ხდება, რაც დაწერეს დოკუმენტაციაში და, სავარაუდოდ, ამ კანონდარღვევით 1 300 000 ლარით აზარალეს სახელმწიფო. მოქალაქეების ქონება, ფაქტობრივად, დაიტაცეს და დღემდე საჯარო რეესტრში მათ ბალანსზე ირიცხება, იმის მიუხედავად, რომ არანაირი ვალდებულება შესრულებული არ აქვთ და ყველა ვადა დარღვეულია.

ეს ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კომპანიის დირექტორი იყო, არათუ მინისტრი უნდა იყოს, არამედ უნდა იყოს ციხეში. მისი ხელშეკრულებით, მისი ხელმოწერით, გვარამიაზე ხომ ამბობენ, კომპანიის ავტომობილით დადიოდაო, [ქარსელაძემ] კერძო კომპანია კი არა, ხალხი, სახელმწიფო აზარალა, სავარაუდოდ, 1 300 000 ლარით. ახლა პროკურატურაში იმიტომ კი არ შემაქვს სარჩელი, რომ მე ამათი იმედი მაქვს, ეს დოკუმენტაცია უნდა იდოს თაროზე და ამ ადამიანებს მოუწევთ პასუხისგება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის საპასუხოდ მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ კომპანიას, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, ვალდებულების საბოლოოდ შესასრულებლად დრო 2024 წლამდე აქვს.