მმართველი პარტიის წევრები რამდენიმე დღეა „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიასა და მის ოჯახზე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ისინი „რუსულ ფულს“ იღებენ.
ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჯერ „იმედის“ ეთერიდან ისაუბრა, შემდეგ უკვე მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „თუ ხოშტარიების ოჯახი რუსეთიდან მიღებულ რუბლებს არ გაასაჯაროებს, გამოძიება ამით უნდა დაინტერესდეს”.
ელენე ხოშტარიამ ამის შესახებ განაცხადა, რომ მისი ოჯახი, მამა, ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია თეატრის მხატვრის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეა და წლებია მხატვრის კუთვნილი ჰონორარები მას ერიცხება.
მიუხედავად ამისა, მმართველი პარტიის წევრები სხვადასხვა წყაროს საშუალებით აქტიურად ავრცელებენ კვლავ ამ ინფორმაციას.
გუშინ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიამ ამ საკითხის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
„ეს არ არის რუსული თანხები, ეს არის სოლიკო ვირსალაძის, დიდი ქართველი მხატვრის თანხა. დავუტოვო რუსებს, რომ ისევ ტანკი და იარაღი იყიდონ? რას მელაპარაკებით, გესმით? მეტი რა უნდა გითხრათ. ეს არ არის რუსეთის, ეს არის ბიძაჩემის.
ეს არის თეატრების შემოსავალი, რა რუსეთის ბიუჯეტი. არა მხოლოდ დიდი თეატრის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა თეატრის – ბერლინი, პარიზი, ლონდონი. 25 წელიწადია, ამ ჰონორარებს მე და ჩემი დეიდაშვილი ვიღებთ, რა არის აქ უკანონო?
ან ეს თანხა უნდა დარჩეს რუსეთს და იყიდოს მეტი იარაღი, ან გადმომეცეს მე. მე არ ვიღებ რუსულ თანხებს, მე ვიღებ მთელი მსოფლიოდან დიდი ქართველი სცენოგრაფი მხატვრის სოლიკო ვირსალაძის კუთვნილ თანხას, რომელიც მან თავისი ნიჭითა და შრომით გამოიმუშავა. ის საქართველოსია, ქართველი იყო, აქ ცხოვრობდა და აქ არის დასაფლავებული, დიდუბის პანთეონში”, – თქვა მან.
ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიამ განაცხადა, რომ მას ამ საკითხზე ყველაფერი შეუძლია უთხრას საზოგადოებას, მაგრამ თავის სამართლებელი არაფერი აქვს.
„ბიძაჩემი, სოლიკო ვირსალაძე იყო დიდი სცენოგრაფი, ანუ თეატრალური მხატვარი, დამდგმელი. მისი მონაწილეობით დაიდგა მრავალი წამყვანი სპექტაკლი, ძირითადად, ბალეტები, როგორც ლენინგრადის მარიინსკის თეატრში, ისე უცხოეთის სხვადასხვა წამყვან ქალაქში, მაგალითად, პარიზის გრანდოპერაში, რომში, მილანში, ლონდონში, სტოკჰოლმში, ტოკიოში. ბუნებრივია, ეს დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და დიდ ჰონორარებს იღებდა, ვინაიდან ის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და აღიარებული სცენოგრაფი იყო.
ცხადია, ჰონორარები იგზავნებოდა მასთან. ის გარდაიცვალა 1990 წელს. დადგმები 50-იან წლებში – აი, „ოტელო“, არ ვიცი გახსოვთ თუ არა, დიდი მოვლენა იყო საბალეტო სცენაზე, ვახტანგ ჭაბუკიანი ცეკვავდა და მრავალი სხვა შემიძლია ჩამოგითვალოთ. ეს ყველაფერი უზარმაზარი წარმატებით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, 25 წელი იყო მარიინსკის თეატრის მთავარი რეჟისორი.
როგორც კი პენსიაზე გავიდა, ის ჩამოვიდა თბილისში, თქვა, მე ვარ ქართველი და ბინა უნდა მქონდეს საქართველოში. როცა გარდაიცვალა, ამის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ჰონორარების მიღება, მე და მანანა ხიდაშელმა, ჩემმა დეიდაშვილმა. რა არის ამაში გასაკვირი? ვერ გავიგე, რატომ ატყდა ეს ამბავი? 25 წელიწადია, დაახლოებით ეს ხდება და რა უნდა ვქნა, გამოვიდე ტელევიზორში და თავი ვიმართლო? ვერ გავიგე, საერთოდ რას ჰგავს ეს ყველაფერი? რა დაკითხვაა? რაშია საქმე? რა ზრდილობაა და კანონია?”, – თქვა მან.
მისი თქმით, თუ ვინმეს ამ თანხების გასაჯაროება სჭირდება, მიმართონ თეატრებს, მათ შორის პარიზის გრანდოპერაში.
„იდგმებოდა ეს სპექტაკლები და იმ დროიდან მოდის. ეს არის კლასიკა. მე აქედან გავგზავნო პროტესტი და ვუთხრა – ნუ დგამთ! მე ამის უფლება არ მაქვს. ან დავუტოვო მათ ეს ფული? ეს არ არის ბიუჯეტის ფული, ეს არის თეატრების“, – განაცხადა ხელოვნებათმცოდნე, გოგი ხოშტარიამ.