კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი გუშინ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა, რომელზეც გელათის ფრესკები იყო გამოსახული. მისი თქმით, გავრცელებული ფოტო, თითქოს გელათში ფრესკები წებოვანი ლენტებით არის დამაგრებული, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ფერწერის სპეციალისტებსა და ხელოვნებათმცოდნეებს ვკითხე და ისინი თავს გრძნობენ შეურაცხყოფილად მისი პოსტის გამო წებოვან ლენტებზე. ეს არ არის წებოვანი ლენტები. ეს არის სპეციალური მასალა. მესმის, რომ ბატონი ნიკა გვარამია არაკვალიფიციურია ჩემსავით, მაგრამ მე, როდესაც არ ვიცი, ვეკითხები სპეციალისტს. ის არავის არაფერს არ ეკითხება და მოეჩვენა სკოჩი. აღმოჩნდა, რომ ეს არ არის სკოჩი, ეს არის სპეციალური მასალა. იმიტომ რომ ფრესკა, სწორედ ნიკა გვარამიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2008 წლიდან იყო ექსპერიმენტების მსხვერპლი. დღეს ზოგიერთი ნაწილი არის მძიმე დღეში. ეს არის სპეციალური მასალა იმისთვის, როდესაც გამომარილებისა და გამოშრობის პროცესი მიმდინარეობს, ნაწილაკები კედელს არ მოწყდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.