ეს არ არის უცნობი შემთხვევები, ერთი და იგივე კლასტერია - სუბარი ბოლნისის ახალ შემთხვევებზე

პუბლიკა

რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა ბოლნისის ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„ძალიან ცუდია, რომ შემთხვევები გაიზარდა, თუმცა კარგი ის არის, რომ ეს არ არის უცნობი შემთხვევები. ეს არის ერთი და იგივე ჯგუფი, ერთი და იგივე კლასტერი, რომლის შიგნით მოლოდინი იყო და ეს მოლოდინი გამართლდა. იმის იქით გავრცელების საფრთხეს ნაკლებად ვხედავთ ჯერჯერობით”, – აღნიშნა სუბარმა.

სოზარ სუბარის განცხადებით, ინფიცირების არა მხოლოდ წყარო, არამედ ის წრეა ცნობილი, რომელშიც მოსალოდნელი იყო ახალი შემთხვევების გამოვლენა. პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ბოლნისში მასობრივი ტესტირება ტარდება. მისი განმარტებით, იყო გარკვეული წინააღმდეგობა და არის წინააღმდეგობა დღესაც, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მხრიდან – „გარკვეულწილად შიშით უყურებენ, უნდობლად უყურებენ“.

„ბევრი, ვისაც დღეს აღმოაჩნდა, არ აქვს რამე სიმპტომი. ან აქვს ძალიან მსუბუქი სიმპტომები და ამიტომაც ის განცდა, რომ „რა მოხდა კაცო, გრიპი ყველას გვაქვს“ ყველგან არის და იქაც არის. ჩვენ ველაპარაკებით, ვარწმუნებთ, რომ  მათი ჯანმრთელობისთვისაც და იმისთვის, რომ არ გადავიდეს მეზობელზე, ნათესავზე და ა.შ.მნიშვნელოვანია მათი თანამშრომლობა და მაქსიმალურად რომ დაუჯერონ ექიმებს და სპეციალისტებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.


დღეს საღამოს, ბოლნისში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ბოლნისში კორონავირუსის 137 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგანაც 49 გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი 12 ადამიანიდან, სამი ბოლნისიდანაა.