პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ქართული ოცნების“ პარლამენტში მივიდა. თავდაპირველად პარტიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 14 აპრილს, 12:00 საათზე გიორგი გახარია პარტიაში ბრიფინგს გამართავდა, სწორედ ამ დროს იყო დაბარებული ის „ქართული ოცნების“ პარლამენტში. დღეს გაირკვა, რომ ბრიფინგი გადაიდო და პარტიის ლიდერი კომისიის სხდომაზე მიდიოდა.
ოპოზიციური პარტიების ლიდერებიდან გიორგი გახარია პირველია, რომელიც ამ სხდომაზე დაიბარეს და მივიდა. კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მას მადლობა უთხრა ამის გამო და აღნიშნა – „როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი და თითოეული ჩვენგანი ჩვენ-ჩვენს დეპუტატის უფლებამოსილებაში“.
გახარიასთან კითხვები კომისიას 20 ივნისის საქმეზე აქვს. მან სხდომაზე თქვა, რომ ფართო კონტექსტის გასააზრებლად ამ კომისიამ უნდა გამოჰკითხოს ბიძინა ივანიშვილი, „გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი, ადამიანი, რომელმაც აიღო ყველა სახის გარანტია და პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ გავრილოვის ჩამოყვანის შედეგად შექმნილი რისკები არ იქნებოდა დამაზიანებელი და იქნებოდა მართვადი, ამის შემდგომ დაჯდა და გაიპარა“, გენერალური პროკურორი, ასევე, სუსის ხელმძღვანელი.
„მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ გავრილოვის აღმოჩენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო იდიოტური შეცდომა, მაგრამ დღეს უკვე ასე აღარ ვფიქრობ და გაიხსნით რატომ, იმიტომ, რომ ის პროცესები რომლებიც შემდგომ მოხდა 2021 წლის 18 თებერვალს, ჩემი გადადგომის ღამეს, ძალიან იდენტურად იმეორებდა ყველაფერს, რაც მოხდა 20 ივნისს“, – თქვა გახარიამ.
მისი თქმით, სხვა ბევრთან ერთად, თეა წულუკიანი ემხრობოდა პოზიციას, რომ იმ ფორმით და იმ ღამეს ნიკა მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა, „თუმცა მაშინაც, 2021 წლის 18 თებერვალს, უჩინარი კაცი, როგორც ჩანს, გამოჩნდა პროცესების მართვის პროცესში და თქვენ ყველას შეგაცვლევინათ აზრი“.
20 ივნისთან დაკავშირებით გახარიამ თქვა, რომ მიცემული აქვს ორი ჩვენება პროკურატურაში და ამ ჩვენებებს არ ცვლის.
„გულწრფელად გეუბნებით ქალბატონო თეა, მე დღეს აქ მოსვლას არ ვაპირებდი, აგიხსნით რატომ. უბრალოდ ამ კომისიის მანდატი და კონტექსტი არ მესმის, იმიტომ, რომ ფაქტია, რომ თქვენ თუ ვინ გასცა ბრძანება პარლამენტის შტურმის შესახებ არ გაინტერესებთ, და სხვა საქმეებშიც, რასაც კომისიის მუშაობას თვალს ვადევნებ, მთავარ ფიგურანტებს, ნაცების წარმომადგენლებს უბრალოდ არ ეძახით, თქვენ არ აპირებთ ნაცების გასამართლებას ან აკრძალვას. მე არ ვიცი, თქვენ რას აპირებთ, ამიტომ მე ამის კონტექსტს ვერ ვხედავდი“, – თქვა გახარიამ.
მისი თქმით, კომისიას „ოცნება“ იყენებს ჰიბრიდული ომისთვის, საქართველოს მოქალაქეებზე საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის.
„ზუსტად მსგავსი რამ მოხდა ისეთი სიმბოლური გმირის, როგორიც არის ანწუხელიძის გმირობის გაუფასურების კონტექსტში, მაშინ, გულწრფელად ვამბობ, არ ვამატებ არცერთ სიტყვას. მაშინ ჩავთვალე, რომ ვარ ვალდებული მოვიდე აქ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამ კომისიას ვაღიარებ. მე რომ ამ კომისიას ვაღიარებდე, ჩვენ აქ ორი ადგილი გვაქვს და ჩვენი წარმომადგენლები იქნებოდნენ აქ. მაგრამ მე ვაღიარებ იმას, რომ ამ კომისიის ჰიბრიდული ზემოქმედების ძალა საქართველოს მოქალაქეებზე, სამწუხროდ, მუშაობს და მე უნდა გავაკეთო ყველაფერი სადაც შემიძლია, როგორც შემიძლია, ჩემი აზრი დავაფიქსირო, თუ განსხვავებული აზრი მაქვს“, – თქვა გახარიამ.