ეს არაა გართულება, რომელიც მხოლოდ აცრას მოჰყვება, საქართველოში, წლიურად, 60-დან 80-მდე მსგავსი შემთხვევა ხდება - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ევროპის მარეგულირებლ სააგენტოს დასკვნაზე დაყრდნობით ვაქცინაციის პროცესის გაგრძელება გადაწყვიტა. ტიკარაძის თქმით, ვაქცინაციის შეჩერების საფუძველს არ იძლევა ის სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც AstraZeneca-ს ვაქცინას ახლავს.

„ეს არ არის გართულება, რომელიც შეიძლება ახლდეს მხოლოდ ვაქცინაციას, ან კონკრეტულად AstraZeneca-ს. ეს არის ერთ-ერთი ისეთი გართულება, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი სამედიცინო სფეროში.

ჩვენ ასევე შევისწავლეთ საქართველოში არსებული სტატისტიკა. წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ასეთი 60-დან 80-მდე ასეთი შემთხვევა, რომელიც, როგორც წესი, არ ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი.

ასევე, ჩვენ გვაქვს სტატისტიკური მონაცემები AstraZeneca-თან მიმართებაში. 7 მილიონ ვაქცინირებულ ადამიანზე მოხდა მხოლოდ 41 შემთხვევის დაფიქსირება და ამ შემთხვევებიდან არც ერთი არ ყოფილა ლეტალური. აქედან გამომდინარე ეს არ იძლევა საფუძველს, რომ ვაქცინაცია შეჩერდეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტთან ერთად ვაქცინაციის შესაძლო დროებით შეჩერებაზე დღეს მას შემდეგ იმსჯელა, რაც სავარაუდოდ აცრის შემდეგ ახალციხეში ერთ-ერთი ექთნის მდგომარეობა გართულდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ექთნის მდგომარეობა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, სავარაუდოდ, ანაფილაქსურმა შოკმა დაამძიმა.

„ის ვითარდება ინექციიდან 15-30 წუთში. ზოგადად მიღებულია, რომ საშუალოდ იმ ვაქცინაზე, რომელსაც კაცობრიობა იყენებს ბავშვებზე, ესეთი შოკი ხდება მილიონში ერთი. ეს რეაქცია შეიძლება წავიდეს მსუბუქად, მძიმედ და შეიძლება დასრულდეს ფატალურადაც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ მას შემდეგ, რაც საქართველოში ვაქცინაციასთან დაკავშირებით პირველი სერიოზული გართულების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.