ეს არაა სამშვიდობო ოპერაცია, როგორც პუტინს უნდოდა ეჩვენებინა, ეს არის ნამდვილი ომი - უკრაინის ელჩი

პუბლიკა

„მოლაპარაკების დრო დასრულდა – ჩემს სახელმწიფოში დაიწყო ომი…სამწუხაროდ, დღეს მთელი მსოფლიო ხედავს, რომ არსებობს ცივილიზებული სამყარო და არსებობს ერთი სახელმწიფო, რომელიც ყურადღებას არ აქცევს საერთაშორისო თანამეგობრობის გადაწყვეტილებებს, თავის თავს აძლევს საშუალებას და ნებას, რომ დაარღვიოს საერთაშორისო ნორმები და პრინციპები და განახორციელოს შეიარაღებული აგრესია. თავიდანვე, დილის 5 საათიდან გასაგები გახდა, რომ ეს არ არის სამშვიდობო ოპერაცია, როგორც ეს პუტინს უნდოდა ყველასთვის ეჩვენებინა და ეს არის ნამდვილი ომი“,- ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს დილით რუსეთის ფედერაციამ განახორციელა ღია აგრესიის აქტი უკრაინის, ჩემი სახელმწიფოს წინააღმდეგ. საკუთარი გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციამ დაარღვია გაეროს წესდების ბევრი დებულება, ასევე ყველა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები რუსეთსა და უკრაინას შორის და ასევე ჰელსინკის დასკვნითი აქტი. დღეს დავიწყეთ ცხოვრება სხვა რეალობაში. იმ რეალობაში, რომელშიც არ არის მსოფლიო წესრიგი, საერთაშორისო სამართალი და არ არის პატივისცემა სხვა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.