ეს არჩევანია - საქართველო ლიეტუვას გზას დაადგება, თუ ბელორუსად გადაიქცევა - პავილიონისი

პუბლიკა

​ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისმა „ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელიასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ მან მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური რეპრესიები უნდა შეწყდეს.

„შევხვდი ნიკა მელიას, შევხვდები ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ასევე მთავრობის წარმომადგენლებს და ერთ რამეს ვირტყვი – ლიეტუველები საქართველოს ძველი და კარგი მეგობრები ვართ. საქართველო ყველაზე მძიმე წუთებშიც არასდროს მიგვიტოვებია. მზად ვართ, ჩვენი შუამოავლობა შევთავაზოთ, მაგრამ დიალოგის დროს საჭიროა პარტნიორი, პარტნიორი კი არ შეიძლება იყოს დაპატიმრებული“, – განაცხადა პავილიონისმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებლობა ექნება შუამავლის როლი ითავოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

„ნამდვილად მგონია, რომ საქართველომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რადგან ეს არის არჩევანი – საქართველო ლიეტუვის გზას დაადგება, თუ ბელორუსად გარდაიქმნება. თუ ლიეტუვის გზას აირჩევს, ვხედავ დიდ შანსს, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრდეს,  მაგრამ როდესაც ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატოში შედიოდა, ყველა მხარე ყოველთვის ერთად მუშაობდა. ჩვენ არასოდეს დაგვიპატიმრებია ვინმე. თუ რეპრესია და ზეწოლა კვლავ გაგრძელდება ქუჩის რეჟიმში, საქართველოს შანსები შემცირდება“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, საქართველოზეა დამოკიდებული იყოს საუკეთესო, თუ იყოს სხვადასხვა შიდა და გარე შემოტევების მსხვერპლი.

„თქვენ უკვე გამოიარეთ ომი და მართლა გსურთ იმ მდგომარეობაში დარჩენა, რომელიც არაფერ არ მოგიტანთ? რადგან ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რომ ან ევროკავშირისა და ნატოს წევრი ხდები, ან იღუპები. ასე რომ სხვა ალტერნატივა არ გაქვთ, ამიტომ გთხოვთ, დაელაპარაკეთ ერთმანეთს, შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები, გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები, შეაჩერეთ სასამართლო საქმეები, რომლებიც ხელს უშლიან ამ დიალოგის წარმართვას და დაიწყეთ ხიდების შენება მომავლისათვის. ჩვენ მზად ვართ რომ დაგეხმაროთ“, – განაცხადა ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, შუამდგომლობისათვის, შესაძლოა, საქართველიში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტი ჩამოვიდეს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში კონფლიქტების ნაცვლად დიალოგი იქნება.