ეს არის ახალი და ძალიან ცუდი რეალობა საქართველოსთვის – გიგა ბოკერია

პუბლიკა

„ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი ძალიან დიდი, ქართული დემოკრატიის დამანგრეველი ნაბიჯი გადადგა. შეურაცხყოფა მიაყენა მთელ საზოგადოებას. ამ სპექტაკლის არავის სჯერა, ეს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის პირადი პასუხისმგებლობაა“, – ეს არის „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას პირველი შეფასება მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.

„ჩვენ გვექნება კონსულტაციები ჯერ ჩვენს გუნდთან, მერე მთელ ოპოზიციასთან. ეს არის ახალი და ძალიან ცუდი რეალობა საქართველოსთვის, მაგრამ ეს ასევე ძალიან ცუდად დასრულდება ივანიშვილისთვის. ამ ახალ რეალობაში არც ერთი რადიკალური ნაბიჯი აღარ არის გამორიცხული, იმის ჩათვლით, რომ ამ სისტემით გამართულ არჩევნებს აქტიური ბოიკოტი გამოვუცხადოთ“, – თქვა მან.

101 მომხრე, 3 წინააღმდეგი – პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციური კანონპროექტი ჩააგდო. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა.