ეს არის ამ მავნებელი, ბოროტი ქალის, ძალიან ცუდი განზრახვა - ირმა ნადირაშვილი თეა წულუკიანის ინიციატივაზე

პუბლიკა

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილი, თეა წულუკიანის ინიციატივას ეხმაურება.

ირმა ნადირაშვილის თმით, ეს არის ინიციატივა, რომელიც პირდაპირ ერევა ადამიანების პირად ცხოვრებაში. მისი თქმით, ეს ინიციატივა არის აბსურდული და ამას თეა წულუკიანი ვერ განახორციელებს.

„ქართული ოცნება“ არის ბნელი, მავნებელი და ბოროტი. სწორედ ამის გამოხატულება იყო წულუკიანის ინიციატივა, რომელიც მოვისმინეთ. ალბათ არ დარჩება არცერთი ადამიანი, რომელიც გულგრილად შეხედავს ამ ინიციატივას, „ქართულმა ოცნებამ“ და წულუკიანმა გადაწყვიტეს, რომ ჩაერიონ ადამიანების ყველაზე პირად საქმეში. ის, რაც საერთოდ არ არის მათი გადასაწყვეტი, ის, რაც საერთოდ არ არის მათი საქმე, ეს არის პირდაპირ ოჯახის საკითხებში ჩარევა, წყვილების საკითხებში ჩარევა, ეს არის აბსურდული ინიციატივა.  წულუკიანს აქვს პრეტენზია, რომ მან უნდა იფიქროს ყველა წყვილის ნაცვლად, ყველა ოჯახის ნაცვლად, თუ როდის სურთ ადამიანებს ბავშვის ყოლა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ამ მავნებელი, ბოროტი ქალის, ძალიან ცუდი განზრახვა, რასაც ის ვერ განახორციელებს“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების თანახმად, ქორწინებიდან თუ 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს.

შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში 25 აგვისტოს გამოქვეყნდა. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ცვლილებები 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.

ცვლილებების თანახმად, განაყოფიერებამდე ნოტარიულად დადებული ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს „ქალისა და მამაკაცისგან შემდგარი წყვილი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა” იმ შემთხვევაში, თუ ისინი:

  • იმყოფებიამ ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია, სულ მცირე, 1 წელი;
  • იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში. ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე შესაბამისი დოკუმენტებით უნდა დადასტურდეს.