ეს არის ბატონი გრიგოლის პერსონალური პოზიცია, რაც გასათვალისწინებელია, მათ შორის ხელისუფლებისთვის – კორძაია

პუბლიკა

საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრი თამარ კორძაია გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, ბლოკის პოზიცია უცვლელია და ეს არის გრიგოლ ვაშაძის პერსონალური პოზიცია, რაც, მისი თქმით, გასათვალისწინებელია. ამის შესახებ მან „TV პირველის” ეთერში განაცხადა.

„ბლოკის პოზიცია უცვლელია, მაგრამ ეს არის ბატონი გრიგოლის პერსონალური პოზიცია, რაც ასევე გასათვალისწინებელია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ მოვისმინეთ თალაკვაძის თავხედური, მშვიდი ტონით გაკეთებული განცხადება, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ხალხის ნებას და შევიდეთ პარლამენტში, მაგრამ ეს ხალხის ნება, რომ ამოუცნობი გახადა „ქართულმა ოცნებამ“ და ცესკომ, რომ გაანადგურეს ყველა შანსი იმისი, რომ სწორად დავთვალოთ, ეს ავიწყდებათ მათ.

ოპოზიცია საკუთარი პასუხისმგებლობით ამომრჩევლისა და მოქალაქეების წინაშე აპროტესტებს იმას, რაც გააკეთა „ოცნებამ“ და ეს პროტესტი გაგრძელდება და მშვიდობიანი იქნება, ბუნებრივია.

[ვაშაძის ეს განცხადება] გასათვალისწინებელია ჩვენთვის კი არა, „ქართული ოცნებისთვის“, – განაცხადა თამარ კორძაიამ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში.

კორძაიას განცხადებით, გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას შანსი მისცა, რომ გადმოდგას ნაბიჯი და წამოვიდეს მოლაპარაკებებზე.

„მთავარი პრობლემა ხელისუფლებაშია და არა იმაში, ოპოზიციაში ვინ რას იტყვის. ოპოზიციაში ყველა ვთანხმდებით. გრიგოლ ვაშაძემ მოიგო ქუთაისი, მაგრამ გაუყალბეს… რა თქმა უნდა, არ იცვლება ჩვენი პოზიცია.

მთავარია, ხელისუფლება როგორ იქცევა. ხელისუფლებამ აღმართა კედელი“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

თამარ კორძაიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, ვინ რას ხედავს ბრძოლის გზად, მთავარია, ოპოზიცია ამბობს, რომ უნდა იბრძოლონ, ხელისუფლება კი მათ არ ელაპარაკება.

„მოლაპარაკების მაგიდასთან რომ გადავიდეს პროცესი, ამას მიმართავს გრიგოლ ვაძაძე „ოცნებას”. არ უგულისხმია [აქციები აღარ იყოსო], ეს არის მესიჯი, ჩემი აზრით, რომ ბოლოსდაბოლოს, დაგველაპარაკონ“, – განმარტა კიდევ ერთხელ კორძაიამ.

კორძაია აცხადებს: „მთავარია, ჩვენ დავანახოთ, რომ „ქართული ოცნება“ არც ამ განცხადების მერე არ მოდის მოლაპარაკებაზე. გააკეთა ვაშაძემ ეს განცხადება, მაგრამ „ოცნებამ“ ჩინეთის კედელზე დიდი კედელი აგვიშენა მოქალაქეებს. ვაშიშვლებთ ხელისუფლებას, რომელიც პოზირებს უცხოელებთან“.


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე განცხადებაში აღნიშნავს, რომ „სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.”


ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგებს. ერთობლივ დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი, სადაც ნათქვამია რომ ყველა ამბობს უარს საპარლამენტო მანდატებზე. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა: თამარ ჟვანიას გადაყენება, თავისუფალი საარჩევნო ადმინისტრაცია, ხელახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

გუშინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციური პარტიის ლიდერების თქმით, პროტესტი არ შეწყდება და მორიგი აქცია შაბათს, 14 ნოემბერს, 3 საათზე გაიმართება.