საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება. უწყება აცხადებს, რომ ღარიბაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობს და თავს დამნაშავედ მიიჩნევს. სწორედ ამ საფუძვლით სასამართლომ ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონის ოდენობის გირაო შეუფარდა, პასპორტი ჩამოართვა და ქვეყნის დატოვება შეუზღუდა.
აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე პროკურორმა ნათია თათიაშვილმა ჩამოთვალა ის გზები, რომლებითაც ღარიბაშვილმა უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზაცია მოახერხა. მათ შორის ერთ-ერთი იყო ღვინის საწარმო, ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის სახელზე შეიძინეს.
„2023-24 წლებში ორ ეტაპად ჯამში 210 000 ლარად შეძენილ იქნა შპს „ქართული ფესვების“ 100%-იანი წელი და მის მესაკუთრედ დარეგისტრირებულ იქნა ტარიელ ღარიბაშვილი. შპს-ს საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება – მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობები და წარმოადგენდა ღვინის საწარმოს.
მოგვიანებით ეს ქონება გადაფორმდა ტარიელ ღარიბაშვილის მიერ ერთპიროვნულად დაფუძნებულ შპს „ღარიბაშვილის მარანზე“, სადაც 2023-25 წლებში დამატებით ინვესტირებულ იქნა ჯამში 3 670 172 ლარი, რითაც შეძენილ იქნა ღვინის ქარხნის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარი“, – თქვა პროკურორმა.
ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი 2016 წლიდან კერძო ბიზნესში, ძირითადად, ღვინის ინდუსტრიაში საქმიანობდა და ქონება, რომელიც პროკურატურას დაუსაბუთებლად მიაჩნია, სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში ბიზნესიდან მიღებულია.
„მას ბრალი წარედგინა კონკრეტულად 2016 წლის შემდეგ, როდესაც ის იყო პირველი პრემიერ-მინისტრი და დატოვა თანამდებობა, ის წავიდა კერძო ბიზნესში.
კერძო ბიზნესში თავისი შემოსავალი, რა თქმა უნდა, ბიზნესში ჰქონდა, თქვენ მოგეხსენებათ და მისი ბიოგრაფია ცნობილია, საჯაროა, რომ ამ პერიოდში ჩინურ სოლიდურ კომპანიასთან ჰქონდა კიდევ მას ურთიერთობა, საიდანაც ჰქონდა ძალიან სოლიდური შემოსავლები, ჰქონდა კერძო ბიზნესი. ამ ბიზნესის წარმოების დროს, როცა მეორედ მოხდა ირაკლი ღარიბაშვილის მობრუნება პოლიტიკაში და კარგად მოგეხსენებათ, რა ვითარებაში და რა პირობებში მოხდა ეს ყველაფერი, მას ეს არ სურდა, ეს არ იყო მისი მიზანი, აიძულეს არა, მაგრამ მოხდა.
მისი ნების გარეშე ვერავინ ვერაფერს ვერ აიძულებდა, მაგრამ ერთია ნება და მეორეა, როცა თვითონ დააყენებ ამ საკითხს.
აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში გამოძიება სწორედ იმას ედავება, რომ დღეს, როდესაც მისი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო გარკვეული თანხა… ეს არის 2016 წლიდან დღემდე ბიზნესწარმოებით, მისი საკუთარი ბიზნესიდან შემოსული თანხები, ეს არის სწორედ დაუსაბუთებელი ქონება. […] ღვინის ინდუსტრია იყო, ძირითადად და ეს იყო ღვინის ქარხნები. ქარხანა რომელიც ეკუთვნის ხელმძღვანელი არის მისი მამა ტარიელ ღარიბაშვილი“, – განუცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებს.
ირაკლი ღარიბაშვილს დღეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. საქმის სხვა დეტალებზე არ უსაუბრიათ არც ადვოკატებს.
რას ედავება ღარიბაშვილს პროკურატურა
გამოძიების ვერსიით, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც 2019-2024 წლებში თავდაცვის მინისტრის და პრემიერის პოზიციებს იკავებდა, ეკრძალებოდა ნებისმიერი ტიპის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა და, ხელფასის გარდა, სხვა ანაზღაურების მიღება, თუმცა ღარიბაშვილი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში „ფარულად და შენიღბულად ეწეოდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა დიდი ოდენობით არალეგალურ შემოსავლებს.
გენერალური პროკურორის განცხადებით, ღარიბაშვილი უკანონო შემოსავლების ლეგალიზების მიზნით ქონებრივ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს მამისგან, ტარიელ ღარიბაშვილისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. აღნიშნული გზით ლეგალურ ბრუნვაში მოექცა კერძო ბიზნესიდან მიღებული 830 000 ლარი.
ამის გარდა, გამოძიების ვერსიით, ღარიბაშვილმა 2023-24 წლებში შეიძინა და მამის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარის ორი ავტომანქანა;
მამის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა კომპანიის 100%-იანი წილი, რომელსაც საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება – მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობები და წარმოადგენდა ღვინის საწარმოს. მოგვიანებით ეს ქონება გადაფორმდა ტარიელ ღარიბაშვილის მიერ დაფუძნებულ შპს „ღარიბაშვილის მარანზე“, სადაც 2023-25 წლებში ინვესტირებულ იქნა ჯამში 3 670 172 ლარი.
პროკურატურის განცხადებით, ღარიბაშვილმა თანხის ძირითადი ნაწილი უცხოურ ვალუტაში გადაიყვანა, შედეგად მიღებული 6 500 000 აშშ დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად.
ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
უწყება ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონის ოდენობის გირაოს მოითხოვს, რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია როგორც ფულით, ასევე უძრავი ქონებით.
„აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად პროკურატურა მოითხოვს ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულებების დაკისრებას, როგორიცაა, საქართველოს მოქალაქის პასპორტის სამართალდამცავი უწყებისათვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა“, – აცხადებს უწყება.