ეს არის ჩემი მთავრობის მეორე გამარჯვება, ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ - სააკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

პუბლიკა

„ეს არის გამარჯვება საქართველოსთვის, ისტორიული სიმართლის დადგენისთვის, რომ საქართველო იყო მართალი და არის მართალი, ცამდე მართალი და რომ არის აგრესიის მსხვერპლი”, – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით „მთავარ არხთან” საუბრისას.

„ეს არის პირველ რიგში დამსახურება თიკა ბუჯალიანის, ნიკა გვარამიასი, რომელიც მაშინ ამ პროცესების ინიციატორი იყო, გია ქავთარაძის, ზურაბ ადეიშვილის, რომელმაც შექმნა პრეცედენტები, რომ ჩვენ წავედით სასამართლოში და ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის, ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ.

პირველი შუალედური გამარჯვება ჩვენ მოვიპოვეთ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, ეს არის გაეროს სასამართლო, რომელიც წულუკიანის მცდელობით მეორე ეტაპზე დავკარგეთ. ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის, რომ თავის დროზე შევიტანეთ ეს სარჩელი სტრასბურგში, მიუხედავად ივანიშვილისა და მთელი მისი ბანდის ყველა განცხადებისა, რომ საქართველო იყო დამნაშავე, მათ ყველა მცდელობა ჰქონდათ იმისა, რომ ჩვენ არ მოგვეპოვებინა, ჩვენ ამას მაინც მივაღწიეთ და სამართალი, საბოლოო ჯამში შეიძლება ურმით დადის, მაგრამ მაინც მიდის ბოლომდე”, – აცხადებს სააკაშვილი.


იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

კერძოდ:

► სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.

► სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.

► სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.

► სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისათვის.