15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი თავისუფალია. გავრცელებული ინფორმაციით, ის ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.
ჩოლოიანის გათავისუფლება შეაფასა ლუკა სირაძის ძმამ, ბექა სირაძემ.
მისი თქმით, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის გამომძიებლის გათავისუფლება სირაძეების ოჯახის ყურადღების მოდუნების დამსახურებაა.
„ეს აპელაციის პროცესები მიმდინარეობდა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამოც დრო იხელთეს მისმა მეგობრებმა, არ ვიცი, ყოფილმა თანამშრომლებმა, ვისთანაც ეთქმოდა რამე. გამოყვანა არ ჰქვია, გამოაძვრინეს ციხიდან.
ვერც კი გადმოვცემ, რას ვფიქრობ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მეგონა, პირიქით, სამართალი იზეიმებდა. ასე ვთქვათ, წლებს მოუმატებდნენ, დაისჯებოდა და მიიღებდა იმ სასჯელს.
ჩემი აზრით, ეს დაცინვაა, რაც ახლა მოხდა, ჩვენი დაცინვა არის, იმიტომ, რომ წელიწად-ნახევრით ჩასვეს ციხეში და ამის მეტი არაფერი მომხდარა. თან ამბობენ, რომ კარგი ყოფაქცევისთვის გაათავისუფლეს. ეს არის დაცინვა და შეურაცხყოფა, ჩემი აზრით. იმის გამო, რომ ამხელა დანაშაული მოხდა, ამხელა გამოხმაურება მოჰყვა, რეზონანსული საქმე იყო საქართველოში, ყველა ამაზე ლაპარაკობდა. იმ პერიოდში, ალბათ, ვერ მოახერხეს გათავისუფლება. ახლა სხვა რამეებზე რომ გადავიდა ყურადღება, მოახერხეს და გამოაძვრინეს ჩოლოიანი“, – განუცხადა ბექა სირაძემ „მთავარ არხს“.
დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის გამომძიებელი ე.წ. უდოთი გათავისუფლდა. ამ ინფორმაციას „TV პირველს“ ადვოკატი უდასტურებს: „მარიანა ჩოლიანი გათავისუფლდა ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით.”
2020 წლის 7 სექტემბერს 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჩოლოიანს 2 წლით ჩამოერთვა სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის უფლებაც.
მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში ედებოდა, რაც გულისხმობს ჩვენების მიცემის იძულებას.
არასრულწლოვანი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჩვენების იძულების ბრალდებით გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა.
15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედისა და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო. ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.