„ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე“, – ასე ეხმაურება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) სავარაუდოდ, სუსიდან გაჟონილი ფარული ჩანაწერებს. მისივე თქმით, ამან შესაძლოა ადამიანებში კიდევ უფრო მეტი უნდობლობა და დაპირისპირება გამოიწვიოს.
მიტროპოლიტი ამბობს, რომ „პირველ რიგში შესაბამისმა სამსახურმა უნდა გაარკვიოს, ვინ მოიმოქმედა ეს ძალიან დიდი ბოროტება“.
„..ადამიანები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ იმ საშინელებას, რომ ზოგადად ტოტალურად ყველას უსმენენ. ყველაზე მძიმე შეფასება არის ის, რომ უნდობლობა იბადება სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე, რადგან ამან შეიძლება ადამიანებში კიდევ უფრო მეტი უნდობლობის გაჩენა და მეტი დაპირისპირება გამოიწვიოს, ამან კი რა შეიძლება მოიტანოს დიდი მკითხაობა, არ სჭირდება.
მე ეჭვი მეპარება, რომ ჩვენი სახელმწიფოს ჩამონგრევა ვინმე ჩვენგანის ინტერესებში შედიოდეს, მაგრამ ვიცით, რომ არის ასეთი ძალები გარეთაც და შიგნითაც, უშუალოდ ვინ იყო ამით დაინტერესებული და ვინ მოიმოქმედა ეს ძალიან დიდი ბოროტება, ეს ალბათ შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ.
ვისურვებდი, რომ მსგავსი რამ არ ხდებოდეს. მეორე მომენტია უკვე რა მნიშვნელობა აქვს მოსმენას, მოსმენის მიზანი არის თუ ვინმე დანაშაულებრივ ქმედებას ჩადის, ამაზეც კი ჩვენთანაც არსებობს კანონმდებლობა, რომ საჭიროა სასამართლოს ნებართვა და თუ ჩვენი სასამართლო ჩვენს ყველა მოქალაქეს პოტენციურ დამნაშავედ განიხილავს ესე იგი კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.
მე იმედი მაქვს, ეს ჩვენთვის სამომავლოდ ძალიან სერიოზული გაკვეთილი იქნება თუ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი მოქმედების გარეშე გადავიტანეთ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
12 სექტემბერს მედიითა და ინტერნეტით გავრცელდა ჩანაწერები, რომლებიც, მედიის ცნობით, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაა გამოჟონილი.
საუბარია, ათასობით დოკუმენტზე. მედია აცხადებს, რომ დოკუმენტები სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებისა თუ საპატრიარქოში დასაქმებულების პირად ცხოვრებასა და საქმიანობას შეეხება. მასალებში ნახსენებია პოლიტიკოსები და ჟურნალისტები.