ეს არის დასაქმებულთა ერთობლივი გამარჯვება - პროფკავშირი „აჭარა TV-ში“ 3 თანამშრომლის აღდგენაზე

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პტოფკავშირი მაუწყებლის მიერ 4 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებას აფასებს და აღნიშნავს, რომ მაუწყებელმა სრულიად უგულებელყო 230 ადამიანის მხარდამჭერი პოზიცია და 3 გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენის მოტივად მათი სამსახურეობრივი დამსახურებები დაასახელა.

„ბუნებრივია, მათი დამსახურებები და ორგანიზაციისთვის გაღებული შრომა ყველასთვის ხილულია; თუმცა, გვრჩება განცდა, რომ მაუწყებლის მენეჯმენტი გაურბის სოლიდარობის, პროტესტისა და თანამშრომლების უპრეცედენტო მხარდაჭერის აღიარებას. უფრო მეტიც, ის ცდილობს – მაუწყებელში არსებული მტრული, არაჯანსაღი და ძალადობრივი შრომითი გარემო შენიღბოს ამგვარი „დათმობებით“, – აცხადებს პროფესიული გაერთიანება.

ორგანიზაცია გათავისუფლებული პირების სამსახურში დაბრუნებას დასაქმებული ადამიანების ერთობლივ გამარჯვებას უწოდებს უთანასწორობისა და „იმ მავნებლური პოლიტიკის წინაშე, რასაც მოქმედი მენეჯმენტი ატარებს“.

„მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მურვანიძე და ბაჩო გურაბანიძე მაუწყებელში სახეცვლილი უფლება-მოვალეობებით დაბრუნდნენ და მათ სრულად ჩამოშორდათ სარედაქციო პოლიტიკაში მონაწილეობა-ჩართვის კომპონენტები, ბრძოლა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გადასარჩენად გრძელდება უფრო მეტი წინააღმდეგობისა და ცვლილებების მუხტით“, – აცხადებს ალტერნატიული პროფკავშირი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროფკავშირი აგრძელებს ბრძოლას სხვა გათავისუფლებული ადანიანების უფლებების აღსადგენად.


აჭარის მაუწყებლიდან არხის დირექტორმა ტელევიზიის 3 თანამშრომელი – აჩო გურაბანიძე, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე 30 ივლისს გაათავისუფლა.

არხის თანამშრომლები სამსახურიდან 3 პირის დათხოვნის ფაქტს „რეპრესიების გაგრძელებად“ აფასებდნენ. ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე „ალტერნატიული პროფკავშირების“ აქტიური წევრები და 26 ივნისს გამართული აქციის ორგანიზატორები იყვნენ. ისინი გათავისუფლებას თავიანთ აქტივობებს უკავშირებენ.

4 ივლისს აჭარის მაუწყებელმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სამ გათავისუფლებულ პირთან თანამშრომლობას გააგრძელებდა.