ეს არის დიდი სისულელე - კალაძე ISFED-ის და TI-ის ანგარიშზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ISFED-ისა და TI-ის მიერ სოსო გოგაშვილის მიწოდებულ მასალებზე შედგენილ ანგარიშს „სისულელე“ უწოდა.

კალაძემ მედიას განუცხადა, რომ თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებაზე რაიმე კითხვის ნიშანი არსებობს, პირველ რიგში, ეს კითხვის ნიშნები ეხება „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) პარალელურ დათვლებს.

„ეს არის დიდი სისულელე. არჩევნების გაყალბებაზე თუ უნდა დაიწყოს გამოძიება და რაიმე კითხვის ნიშანი არსებობს, ეს არის ISFED-ის გაყალბებული პარალელური დათვლები. ეს არის დამტკიცებული ფაქტები, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ პარალელური დათვლები გააყალბა. ამის შემდეგ მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან წავიდა.

მე არ მესმის, ამ საქმეს ბოლომდე რატომ არ ჩაჰყვნენ? იცოდნენ თუ არა ამ არასამთავრობო ორგანიზაციის დამფინანსებლებმა, რომ ეს გაყალბება მათი ჩართულობით მოხდა, თუ ეს მათ გარეშე მოხდა? უამრავი კითხვა არსებობს, რადგან ეს იყო დიდი შეთქმულების და რევოლუციური გზის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი და მიმართულება, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, თითქოს ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამოააშკარავა ეს ყველაფერი. ყველა ჩუმად და მიყუჩებული იყო. ჩვენ კი საზოგადოებას რეალობა ვაჩვენეთ. არჩევნებზე მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებული იყო კახა კალაძის წინააღმდეგ, თუმცა თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით და თანადგომით, კახა კალაძემ ყველას მიუჩინა თავისი ადგილი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კალაძის კომენტარს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“ აქვეყნებენ ანგარიშს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემულ ინფორმაციას ეყრდნობა.

ორგანიზაციები წერენ, რომ შესაძლებლობების ფარგლებში გადაამოწმეს წარმოდგენილი გარემოებები და მამხილებლის მიერ გადმაცემული დოკუმენტები, რომლებიც, ძირითადად, შეადგენდა 2018-2019 წლებში, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის მისამართზე securgd@gmail.com მიღებულ და ამავე მისამართიდან გაგზავნილ კორესპონდენციას.

ორგანიზაციების ცნობით, ფაილებში იყო დოკუმენტები, რომლებიც უფრო გვიანდელ პერიოდს, კერძოდ, 2020 წელს ეხებოდა.