პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გუშინ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერი „უხეში ფაბრიკაციაა“ და გამოქვეყნებული საუბარი შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისაგან.
„ეს არის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს (ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე) „კუდის“ მიერ, ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, სადაც ერთ მხარეს არის საქველმოქმედო ფონდი, „ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, თუმცა არც ასეთი ჩანაწერის გამოქვეყნებას მოერიდნენ.
ისინი, სასოწარკვეთილების ამგვარი გამოხატვით, კიდევ უფრო ინადგურებენ საკუთარ თავს, რადგან ცივილიზებულ სამყაროში ასეთი, საბჭოთა, „კაგებეს“ მეთოდების გამოყენება აბსოლუტურად ამორალური და მიუღებელია. უკანონო მოსმენა, მოსმენილის შენახვა, დამონტაჟება-ფაბრიკაცია, მისი გამოყენება, ძალადობა, მკვლელობა და ა.შ. ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა.
რაც შეეხება ქართულ ოცნებას და მათ ლიდერებს, ისინი მსგავს მეთოდებს არ იყენებდნენ არც პოლიტიკაში მოსვლამდე და არც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ. ჩანაწერთა ფაბრიკაცია, როგორც ჩანს, დიდი ხნის ნამუშევარი, საგულდაგულოდ დამონტაჟებული და „საჭირო მომენტისთვის“ იყო გადანახული“,- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქვე ნათქვამია, „გაყალბებული ჩანაწერების“ გამოქვეყნება მოლაპარაკების ჩაშლის მიზანმა განაპირობა.
„რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს ჩანაწერები გამოიყენოს მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად და ვხედავთ მათ მიერ აგორებულ ახალ კამპანიასაც, რომელსაც პერსპექტივა ერთი მარტივი მიზეზის გამო არ გააჩნია – ის სიყალბეზეა დაფუძნებული. მიუხედავად მათი ასეთი ქმედებებისა, „ქართული ოცნება“ უარს არასოდეს იტყვის კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებზე. შესაბამისად ჩვენ მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოგვიწოდებენ“,- ნათქვამია განცხადებაში.
ტელეკომპანია „პირველმა” 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ მათთვის ანგარიშის გასწორებას, ვინც სოციალურ ქსლებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.
ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.
თავის მხრივ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო დაცვის უფროსი, ჩანაწერის მიხედვით, საუბრობენ ამ დავალებების აღსრულებაზე.