ეს არის ერთი-ერთში ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილი - ბოკერია სააკაშვილზე

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს კოალიციურ მთავრობასა და საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გამოეხმაურა.

ბოკერია აცხადებს, ამომრჩეველს რეალური ცვლილებები სურს და არა არჩევანი წარსულსა და ივანიშვილის ძალაუფლებას შორის. ბოკერიას თქმით, სააკაშვილის ნებისმიერი გზავნილი ივანიშვილის პროპაგანდისთვის საჩუქარია.

„სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები მხოლოდ მასსა და ივანიშვილს შორის არის, ეს არის ერთი-ერთში ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილი, ამ კაცის თითქმის ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისათვის, განსაკუთრებით მერამდენედ დაანონსება ჩამოსვლის და შემდეგ გადაგდება იმ ხალხის, ვისაც დაპირდა ამას.

რაც მთავარია, ეს არის სიცრუე. არჩევანი არის იმათ შორის, ვისაც მხოლოდ თავისი ძალაუფლება აინტერესებს, ივანიშვილს შორის, რომელსაც დღევანდელი ჭაობის შენარჩუნება სურს, სააკაშვილს შორის, რომელსაც წარსულში დაბრუნება სურს და ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს შორის, რომელსაც უნდა გარდამტეხი ცვლილებები და რისი გეგმაც გვაქვს ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“. აი ეს არის არჩევანი, იმათ შორის, ვისაც მხოლოდ თავისი ძალაუფლება აინტერესებს და მათ შორის, ვისაც სურს რომ ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები და წინსვლა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გუშინ, 20 სექტემბერს, სააკაშვილმა „tv პირველის” ეთერში განაცხადა, რომ „ის საერთოდ ვერ ხედავს პარტიულ კოალიციას”.

შეკითხვაზე – ხედავთ თუ არა კოალიციური მთავრობის აუცილებლობას? – სააკაშვილი პასურობს:

„მე ვხედავ კოალიციას საზოგადოების, მე საერთოდ არ ვხედავ პარტიულ კოალიციას, მე საერთოდ არ მჯერა პოლიტიკური პარტიებისა და პარტიუკების. საერთოდ არ მჯერა ზოგადად პოლიტიკანობისა და პოლიტიკოსობის ვიწრო გაგებით. მე მჯერა სახელმწიფო აზროვნების, მე მჯერა სახელმწიფო მოღვაწეების, ინოვაციობის, მე მჯერა ფართო ხედვისა და პატრიოტიზმის. მე მჯერა ფართო საზოგადოებრივი ძალების გაერთიანების…”, – განაცხადა სააკაშვილმა.

დღეს კი მან facebook-ზე დაწერა, რომ „არჩვენებში გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ძალიან გახსნილი, რათა ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ ძალასთან და საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური”.