ეს არის კერძო თანხა, რომელსაც ხარჯავდნენ ჩვენდამი ლოიალური სუბიექტები – თალაკვაძე ტროლექაუნთებზე

პუბლიკა

პირიქით, თუ ფეისბუქმა გააუქმა ასეთი სუბიექტები, მივესალმები, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის” გადაცემაში „კვირის თემა“.

რაც შეეხება გაუქმებული facebook -ანგარიშებიდან რეკლამისთვის დახარჯულ 316 000 დოლარამდე თანხას, თალაკვაძის თქმით, ეს არის კერძო თანხა და ბიუჯეტის ფული ამაზე არ დახარჯულა.

„მე ვფიქრობ, რომ იქ ძალიან საფუძვლიანად არის განცხადებაში აღწერილი, რომ პრაქტიკულად იქ ჩანს, რომ ქსელი, რომელიც მუშაობდა საქართველოში, სადაც კონკრეტული კერძო სპონსორებით არის დაფინანსებული, იმიტომ, რომ ყველა დანარჩენი ფული, გადასახადები, რომელსაც თქვენ იხდით და ჩვენი მოქალაქეები იხდიან ფულს, არის გაკონტროლებადი, და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომელიმე არასამთავრობოს თუ ეჭვი ეპარება… ნებისმიერ ადამიანს შეუძლია [გამოითხოვოს]”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ამ თანხას ხარჯავდნენ „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალურად განწყობილი სუბიექტები.

„ეს არის კერძო თანხა, რომელსაც ოპოზიციაც დიდი ალბათობით ხარჯავს და რომელსაც ამ შემთხვევაში ხარჯავდა ჩვენდამი ლოიალური სხვადასხვა სუბიექტი. მაგრამ ახლა ჩვენ რა ვქნათ, გამოვიდეთ და ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებმაც შექმნეს ასეთი სუბიექტები, ვუთხრათ, ნუ ხართ ჩვენი მხარდამჭერები და ოპოზიციას ვუთხრათ, რომ გააგრძელეთ დეზინფორმაციის კეთება? ასე ვერ მოხდება“, – განაცხადა თაკავაძემ.


წავშალეთ 39 Facebook-ის ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამის ანგარიში, როგორც საქართველოს შიდა ამბებზე ორიენტირებული, ორგანიზებული ქსელი, – ამის შესახებ ინფორმაციას facebook ავრცელებს.

„ამ აქტივობების უკან მოქმედი ადამიანები იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს (ზოგიერთი მათგანი აქამდეც დაბლოკა ჩვენმა ავტომატურმა მომიშავე სისტემამ), რომელთა მეშვეობითაც ზრდიდნენ თავიანთ კონტენტზე ჩართულობას და მართავდნენ გვერდებს. ეს გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, საჯარო პირები, აქტივისტური ჯგუფები და მედიაგამოცემები. ამ გვერდების ადმინისტრატორები და ყალბი ანგარიშის მფლობელები ძირითადად პოსტავდნენ ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე: არჩევნებზე, სამთავრობო პოლიტიკაზე, საჯარო მოხელეებზე, აკრიტკებდნენ ოპოზიციასა და აქტივისტურ ჯგუფებს. ეს პირები მალავდნენ თავიანთ ვინაობას.

ჩვენმა გამოძიებამ ეს აქტივობები ქართულ სარეკლამო კომპანია „პანდასთან” და „ქართული ოცნების” მთავრობასთან დააკავშირა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მას შემდეგ რაც  facebook-მა, „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ე.წ. ტროლექაუნთები წაშალა და ამ ფაქტს ვრცელი განცხადებაც მიუძღვნა, ხელისუფლების წარმომადგენლები გარკვეული პერიოდის განმავლობაში დუმდნენ. თუმცა მათ მაინც მოუხდათ აღნიშნულ თემაზე კომენტარების გაკეთება. იხილეთ ბმული;