ოპოზიციის ლიდერები ლიეტუვის ელჩთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია პარტიის ოფისში ელჩის ვიზიტს მხარდაჭერის ჟესტად აფასებს.
„ელჩთან საუბარი გაიმართა ყველა იმ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ვსაუბრობთ მთელი ოპოზიცია უკანასკნელი თვეების განმავლობაში. მთავარი საკითხი რა იქნებოდა, მგონი, რთულად გამოსაცნობი არ იყო. პატივცემული ელჩი როდესაც მოვიდა შენობაში, რომლის შტურმით აღებასაც გეგმავდა ხელისუფლება, ეს არის, მართლაც, ნათელი და მკაფიო გზავნილი ხელისუფლებისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს და დაუჭერს ქართველ ხალხს და სიმართლეს“, – განაცხადა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ელჩთან საუბარი შეეხებოდა 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, პილიტპატიმრების გათავისუფლების საკითხსა და ვადამდელ არჩევნებს.
„ელჩს ესმის, რომ ვითარება არის უკიდურესად რთული და ესმის, რომ ამ ვითარებიდან გამოსავალი არის მოსაძებნი. მათ ექნებათ შეხვედრებიც და საუბარიც „ქართული ოცნების“ მხარესთან, ჩვენ ასევე ვთხოვეთ ლიეტუვის ელჩს, რომ ხელი შეუწყოს ევროკავშირში განხილვების ორგანიზებას უახლოეს დღეებში, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშრებით. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ ვნახავთ მწყობრ და ძალიან მიზანმიმართულ პოლიტიკას, თუ რა შეიძლება მოხდეს უახლოეს კვირებში ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად“, – განაცხადა სამადაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საქართველოში ლიეტუვის ელჩი მივიდა. მას პარტიის მთავარ ოფისთან ენმ-ის ლიდერები დახვდნენ. შესვლამდე ლიეტუვის ელჩმა განაცხადა, რომ ის პარტიის ოფისში სოლიდარობის გამოსახატავად მივიდა.