საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
მან დღეს ფრანგულ გამოცემა „ფიგაროში“ გამოქვეყნებულ სტატიაზე დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ ეს შეკვეთილი სტატიაა.
„აქ გაჟღერდა რამდენჯერმე … სიამაყით მოიყვანეს დღეს ფრანგულ გამოცემა „ფიგაროში“ გამოქვეყნებული სტატია და როგორც კატასტროფა ისე წარმოაჩინეს. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს და დეპუტატებს ვუთხრა, რომ ეს არის მორიგი ბინძური სტატია, ანტისახელმწიფოებრივი სტატია და ვისი შეკვეთილია ახლა ეს სტატია, მეგობრებო – ეს არის შეკვეთილი ბატონი რაფაელ გლუკსმანის, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ვინ არის გლუკსმანი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
მისი თქმით, გლუკსმანი ახლა არის ევროპარლამენტარი. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ რაფაელ გლუკსმანი ამ სტატიის ავტორის „მეგობარია, შესაბამისად, მისი შეკვეთილია ეს სტატია”.
„საქართველო ევროკავშირს შორდება და მოსკოვის ორბიტაზე ბრუნდება“ – ამ სათაურით ფრანგული გამოცემა Le Figaro საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველომ უარი თქვა, დაეგმო რუსული აგრესია უკრაინაში და შეერთებოდა ევროპის მიერ დაწესებულ სანქციებს, რომელთაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „უსარგებლო“ უწოდა.