„ეს არის მოუტ***ლი ქალების სინდრომი" - ოდიშარიამ ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენა

პუბლიკა

„ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მათ შეაგინა და მათი მისამართით მიზოგინიური განცხადებები გააკეთა.

„ეს არის მოუტ***ლი ქალების სინდრომი. კაცი მაინც იყო, რომ გითხრა, მტყუანის დედა ვატირე”, – თქვა მან ქალი დეპუტატების სიტყვით გამოსვლის დროს.

პარლამენტის სხდომა დღეს ხმაურის ფონზე წარიმართა. მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძემ რუსული კანონის დაბრუნება დააანონსა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზში ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კი მათ დაემუქრა, რომ ყველას, ვინც „რუსულ კანონს” ახსენებდა, მიკროფონს გამოურთავდა.

ამასთან, დღეს პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტი. კანონპროექტი, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, „გირჩის“ ინიციირებულია და საპარლამენტო უმრავლესობა უჭერს მხარს.

განხილვა ხმაურით, „გირჩის“ და უმრავლესობის სექსისტური და მიზოგინიური განცხადებების ფონზე ჩატარდა.