„ეს არის „ოცნების“ შტაბში დაწერილი“ | ინციდენტი ცესკოში

პუბლიკა

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ბრიფინგზე არჩევნების წინასწარ შედეგებს აცხადებდა, რა დროსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ცესკოს წევრმა, დავით კირთაძემ განაცხადა, რომ ეს ყალბი შედეგები იყო. კირთაძის გამოსვლას ხმაური მოჰყვა. ცესკოს დაცვამ ბრიფინგის ოთახიდან დავით კირთაძის გაყვანა სცადა.

„ეს არის „ოცნების“ შტაბში დაწერილი, რას აცხადებთ, თამარ, არ გრცხვენიათ? ეს არის ყალბი შედეგები, თამარ. ეს არ ასახავს ამომრჩევლის რეალობას. ეს არის „ქართული ოცნების“ შტაბში დაწერილი, რაც გადმოგცეს და გამოგაცხადებინეს“, – მიმართა მან ცესკოს თავმჯდომარეს.

„ბატონო დავით, ეს შედეგები შეიცვლება, კიდევ ერთხელ ვამბობ“, – განმარტა ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ.

მოგვიანებით ხმაური უკვე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გამოიწვია, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ ცესკოს პირველადი მონაცემები არ ასახავს ამომრჩევლის რეალურ ნებას.

„ეს არის შედეგები, რომელიც არის ერთი პარტიის მიერ დაკვეთილი. ეს შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ვერ მოგცემთ საშუალებას, რომ ქართველი ხალხი შეიყვანოთ შეცდომაში“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ კომისიის წევრმა.

„მოვუწოდებთ საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, მობრძანდნენ აქ და მათ ძალიან კარგად იციან, რომ წინასწარი შედეგები არ ნიშნავს საბოლოო წინასწარ შედეგებს. ყველა ცივილურ ქვეყანაში ასე ცხადდება წინასწარი შედეგები და მერე ონლაინ ხდება საბოლოო წინასწარი შედეგების ჩამოყალიბება“, – განმარტა კიდევ ერთხელ თამარ ჟვანიამ.

ბრიფინგზე ცესკომ 1085 უბნის მონაცემი გამოაქვეყნა.

„ეს არის ისეთი უბნები, სადაც ამომრჩევლების რიცხვი მცირეა. ჯერ არ არის შემოსული დიდი უბნების მონაცემები, მათ შორის დიდი ქალაქებიდან. შესაძლოა, ამან გარკვეულწილად იქონიოს გავლენა საბოლოო შედეგზე“, – განმარტა ჟვანიამ შედეგების გამოცხადებისას.