ეს არის ოკუპაციის შედეგი - ღარიბაშვილი აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის განთავსების გეგმაზე

პუბლიკა

ოკუპირებული აფხაზეთში რუსეთის საზღვაო სამხედრო ბაზას განათავსების შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ესპანეთში ვიზიტისას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება.

„მათ [ევროპელ ლიდერებს] მივაწოდე ინფორმაცია დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე.  იცით, რომ გახდა ცნობილი,  რუსეთი აპირებს უკვე მე-3 სამხედრო ბაზის, ამ შემთხვევაში, საზღვაო ბაზის მშენებლობას ჩვენს ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ჩვენი ნებართვის გარეშე. ეს არის ოკუპაციის შედეგი. ეს არის ოკუპაციის გაგრძელება, რა თქმა უნდა, ჩვენ  ასე აღვიქვამთ ამ უკანონო გადაწყვეტილებას, ბუნებრივია. მათ ვუთხარი, რომ ეს კიდევ უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველო არის და მე ამის თაობაზე მძაფრად აღვუწერე ჩვენი სიტუაცია, რომ ჩვენ ვიმყოფებით მეტად სპეციფიკურ სიტუაციაში, ვინაიდან ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ოკუპირებული და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ქვეყანა ახერხებს განვითარებას, წინსვლას, რეფორმებს ისე, რომ ინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას, ამას მართლაც მოხერხება სჭირდება და  ჩვენ მართლაც გვაქვს სათქმელი ამ მიმართულებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის ქალაქ გრანადაში იმყოფება, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს. ის ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. სამიტის პლენარული სესია გახსნა ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა. მან ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს სიტყვით მიმართა. რიგით მესამე სამიტს 47 ევროპული ქვეყნის ლიდერი და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის ხელმძღვანელები ესწრებიან.